FAQ

ცენტრის თანამშრომლები სამუშაო ვიზიტით პოზნანის სამედიცინო მეცნიერებების უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ

11 ივნისი 2024

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მონაწილეობს ერაზმუს + პროექტში - “განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პაციენტთა სტომატოლოგიური მომსახურების გაძლიერება და ექიმ-სტომატოლოგთა უწყვეტი განათლების ხელშეწყობა საქართველოში” .

 

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს დიპლომირებული სტომატოლოგების მომზადების პროცესის გაძლიერებას საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო გეგმის განახლებით.

 

პროექტის ფარგლებში მოხდება იმ ცოდნისა და კომპეტენციების იდენტიფიცირება, რაც აუცილებელია სპეციალური საჭიროების მქონე პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სტომატოლოგიური მომსახურების გაწევის უზრუნველსაყოფად.

 

პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილთან ერთად განხორციელდა სამუშაო ვიზიტი პოზნანის სამედიცინო მეცნიერებების უნივერსიტეტში.

 

ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა სამუშაო შეხვედრები მასპინძელი უნივერსიტეტის დიპლომირებული სტომატოლოგიის, ბავშვთა და მოზარდთა სტომატოლოგიის და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების სტომატოლოგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან.

 

პოლონელმა კოლეგებმა სამუშაო ჯგუფის წევრებს გაუზიარეს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის სტომატოლოგიური მომსახურების გაწევის სწავლების თავისებურებები და საუკეთესო პრაქტიკები.

 

სამუშაო ვიზიტი ასევე განხორციელდა პოზნანის სპეციალური საჭიროების სასკოლო კომპლექსში, რომელიც უზრუნველყოფს საშუალო, მძიმე და ღრმა ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლებას.

 

აღნიშნული დაწესებულება მჭიდროდ თანამშრომლობს პოზნანის სამედიცინო მეცნიერებების უნივერსიტეტთან, სადაც პოლონელ და საერთაშორისო სტუდენტებს უტარდებათ ერთდღიანი სასწავლო პრაქტიკა.

ცენტრის თანამშრომლები სამუშაო ვიზიტით  პოზნანის სამედიცინო მეცნიერებების უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ