განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე - "უნივერსიტეტის მესამე მისია", რომელსაც გაუძღვა უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტი (HERE - Erasmus + Georgia), დოქტორი ირმა გრძელიძე.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მნიშვნელოვანი და საინტერესო თემები. მათ შორის: მესამე მისიის კონცეფციის გააზრება, მესამე მისიის აქტივობების ხარისხის უზრუნველყოფა და Erasmus+ პროექტის - SQUARE შედეგები. სამუშაო შეხვედრამ მონაწილეებს მისცა საკმარისი სივრცე იმისათვის, რომ ეფიქრათ კონცეფციაზე, მოეყვანათ მაგალითები, განეხილათ უნივერსიტეტის მესამე მისიის აქტივობების განხორციელების სპეციფიკა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ როგორ შეიძლება ამ აქტივობების ასახვა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის კონტექსტში.
სამუშაო შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო ორი ძირითადი პერსპექტივიდან: 1) აკადემიური წრეების ცნობიერების ამაღლება უნივერსიტეტის მესამე მისიის შესახებ და 2) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მომზადება, რომლებიც თანამშრომლობენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან და რომლებიც ჩართულნი არიან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გარე ინსტიტუციურ შეფასებაში.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის მოქმედი სტანდარტები ძირითად ყურადღებას ამახვილებს პირველ მისიაზე, რაც არის სწავლება და სწავლა, მეორე მისიაზე, რაც არის კვლევა, და მესამე მისიაზე, რაც არის საზოგადოებისა და სახელმწიფოს საჭიროებების გათვალისწინება და საზოგადოებრივი სიკეთის შექმნის პროცესში ჩართულობა.
როგორც მოგეხსენებათ, ამჟამად მიმდინარეობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილის ავტორიზაციის პროცესი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივმა და საერთაშორისო ავტორიზაციის ექსპერტებმა აიმაღლონ ცნობიერება უმაღლესი საგნანათლებლო დაწესებულების მესამე მისიის შეფასების სპეციფიკის შესახებ, გადახედონ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას ავტორიზაციის პროცედურებთან დაკავშირებით და შეთანხმდნენ შეფასების პროცესში გამოსაყენებელ მიდგომებზე.