22 აპრილს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ინიციატივით პროფესიული განათლების სფეროში მომუშავე დონორ ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო ქართველი და უცხოელი ექსპერტებისათვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება პროგრამის მიზნებისა და ამოცანების, ასევე გაწეული მუშაობის და მიღწეული შედეგების თაობაზე, რამაც დონორთა საერთო ძალისხმევის კოორდინაციას უნდა შეუწყოს ხელი.
შეხვედრას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის, გაეროს განვითარების პროგრამის, „ათასწლეულის გამოწვევა-საქართველოს“, ევროკავშირის წარმომადგენლობის და ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტების, ასევე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ პროგრამის მიერ მომზადებული პრეზენტაცია საკმაოდ ინფორმაციული იყო, რაც აჩვენებს, რომ პროფესიული კვალიფიკაციების შემუშავების და განვითარების პროცესში საქართველო ევროპულ მიდგომებს იყენებს და შედეგებით ბევრად უსწრებს სხვა ქვეყნებს.