იწყება დარგობრივი საბჭოების წევრების შერჩევა

29 აპრილი 2015


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, საქართველოში პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით, ქმნის დარგობრივ საბჭოებს, რომელთა ფუნქციებია:

ა) პროფესიულ უნარებზე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესახებ რეკომენდაციების მომზადება;
ბ) პროფესიული სტანდარტებისა ან/და სტანდარტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების/მოდულის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
გ) პროფესიული სტანდარტების ან/და სტანდარტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოდულის დამატების, შეცვლის ან გაუქმების მიზანშეწონილობის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

აღნიშნული საქმიანობის განხორციელების მიზნით, იქმნება 11 მიმართულების დარგობრივი საბჭო. ესენია: 1. ხელოვნების, განათლების, ჰუმანიტარული; 2. სოციალური, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის; 3. ბიზნესის, ადმინისტრირების, სამართალის; 4. ინჟინერიის; 5. მრეწველობის, კვების პროდუქტების გადამუშავების; 6. მშენებლობის, არქიტექტურის; 7. ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების; 8. სოფლის მეურნეობის, სატყეო საქმის, მეთევზეობის, ვეტერინარიის; 9. ჯანდაცვის, სოციალური დაცვის; 10. მომსახურების სფეროს; 11. ტრანსპორტის.

დაინტერესებულ პირებს (საგანმანათლებლო დაწესებულება, დამსაქმებელი, დარგობრივი ასოციაცია), გთხოვთ, ზემოთ ჩამოთვლილი საბჭოების წევრობისთვის წარმოგვიდგინოთ მიმართულების შესაფერისი კანდიდატურები (განათლების სპეციალისტი; დარგის სპეციალისტი).

წარმოდგენილი კანდიდატურების მოკლე პროფესიული დახასიათება და საკონტაქტო მონაცემები გამოგვიგზავნეთ ელფოსტაზე - info@eqe.ge და დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონებზე: (+995 32) 2200220 (3509); (+995) 577278843;

განათლებისა და დარგის სპეციალისტების მოვალეობები:

განათლების სპეციალისტის მოვალეობები: პროფესიული ჩარჩო-პროგრამისა და მოდულის სწავლის შედეგების შესაბამისობის შეფასება პროფესიულ სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან.

დარგის სპეციალისტის მოვალეობები: პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული ამოცანებისა და მოვალეობების შესაბამისობის შეფასება დასაქმების ბაზრის მოთხოვნებთან.

იხილეთ დანართი, რომელშიც ჩამოთვლილია საბჭოს შემადგენლობაში შემავალი პროფესიული სფეროები. აღნიშნული დოკუმენტი დაგეხმარებათ საბჭოების წევრობისთვის კანდიდატების შერჩევაში.

საბჭოს წევრებს ნიშნავს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი.