განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების მხარდაჭერის ქვეპროგრამის ორგანიზებით, პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საბჭოს საქმიანობის არსებული პრაქტიკა, 2022-2024 წლის სტატისტიკური ინფორმაცია - იურიდიული პირების/საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების უფლების მოპოვების და რეგისტრაციის შესახებ. ასევე, შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ განხორციელებულ შრომის ბაზრის კვლევებსა და ანალიზზე, პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების დისტანციური სწავლებით განხორციელების შესაძლებლობებზე და მომზადება-გადამზადების პროგრამის მიზანშეწონილობის დასაბუთების საჭიროებაზე.
პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს წევრებმა, ფოკუს ჯგუფების ფორმატში იმსჯელეს დარგობრივი უნარების ორგანიზაციების ფუნქციებზე ავტორიზაციის პროცესში.
პროფესიული მომზადების/ პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების მიმნიჭებელი საბჭოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა აღნიშნული სახის შეხვედრების აუცილებლობაზე პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ჭრილში, რომელიც მუდმივად მიმართული იქნება პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის როგორც შიდა, ასევე გარე ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარებისკენ, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც დღითიდღე მატულობს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების პოპულარობა და მოთხოვნა შრომის ბაზრიდან.