განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტის (WB) მხარდაჭერით, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ავტორიზაციის სიმულაციური პროცესის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
"სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ადრეული და სკოლამდელი განათლება. ამის დასტურია ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმა, რომლის განხორციელებაც 2022 წლიდან დაიწყო. აღნიშნული რეფორმა თავისი მასშტაბებითა და მნიშვნელობით უნიკალურია. მასშტაბზე ხაზგასმა მნიშვნელოვანია, რადგან სახელმწიფომ გადაწყვიტა რეფორმის ფარგლებში ერთიანად დაეწყო ზრუნვა როგორც საჯარო, ისე კერძო ბაღებზე. რაოდენობრივ ჭრილში წარმოდგენილი ეს მონაცემები საკმაოდ შთამბეჭდავია. ორი ათასზე მეტი დაწესებულება უკვე მოქცეულია ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოში და კანონით განსაზღვრული ეტაპების შესაბამისად გადის განვითარების ეტაპებს. საბოლოოდ, ჩვენი ხედვაა მივიდეთ იქამდე, რომ სასკოლო მზაობის პროგრამის საფეხური გახდეს სავალდებულო და ხელმისაწვდომი ყველა ბავშვისთვის“ - მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ალექსანდრე წულაძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ, განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, მსოფლიო ბანკისა და ბაღების გაერთიანებების წარმომადგენლები. ასევე, ბაღების ავტორიზაციის საბჭოს წევრები.
2024 წლის განმავლობაში სიმულაციური ავტორიზაცია 6 დაწესებულებაში განხორციელდა. პროცესში ჩართული იყვნენ თბილისის 101 საბავშვო ბაღი, თეთრიწყაროს, გორის, დედოფლისწყაროს, ხელვაჩაურის და ბოლნისის საბავშვო ბაღები.
სიმულაციური ავტორიზაციის პროცესი გამოცდილებითი სწავლების მნიშვნელოვანი ეტაპია და მიზნად ისახავს რეალური ავტორიზაციისთვის მომზადებას.
პროცესში გამოცდილება მიიღეს თავად საბავშვო ბაღებმა, ავტორიზაციის ექსპერტებმა, ავტორიზაციის საბჭომ და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა. პროცესში გამოვლენილი მიგნებები და გამოწვევები გამოყენებული იქნება სამომავლოდ პროცესების დახვეწისა და განვითარებისთვის.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების რეალური ავტორიზაციები 2025 წლიდან დაიწყება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ავტორიზაციის გავლის განრიგის შესაბამისად.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განაგრძობს ბაღების ავტორიზაციის პროცესში დაწესებულებების ხელშეწყობის პროექტებს, შეხვედრებს, ტრენინგებს და სხვა აქტივობებს.