FAQ

ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოებთან საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების პროცესი დაიწყო

23 ოქტომბერი 2024

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების და დაგეგმვის, კვლევისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურების ორგანიზებით, პროექტის - „საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირების და თვითსერტიფიცირების პროცესების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება (GEOREF)“ პირველ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პროექტის გუნდის წევრები, ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თვითსერტიფიცირებისა და რეფერენსირების პროცესის განხორციელების მიზნით დამტკიცებული სამუშაო ჯგუფის წევრები; ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დანერგვისა და განვითარების მიზნით შექმნილი მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლები და პროექტში ჩართული საერთაშორისო ექსპერტები - ესტონეთიდან და იტალიიდან.

 

შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს პროექტის ფარგლებში ჩანიშნული სამი ურთიერთსწავლების აქტივობა (PLA), რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, შესაბამისი სხვა დაინტერესებული მხარეები.

 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა აღნიშნული პროექტი ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოებთან ჰარმონიზაციის მიზნით დაიწყო, რაც გულისხმობს ევროპულ მეტა-ჩარჩოებთან (EQF-LLL, QF-EHEA) საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების პროცესს, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ერთ-ერთი ვალდებულება და ბოლონიის პროცესის ძირითადი რეკომენდაციაა. პროექტი 2024 წლის ოქტომბერს დაიწყო და 2026 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება, რომელიც ერაზმუს + პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და ცენტრის თანადაფინანსებით ხორციელდება.

 

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ჰარმონიზებასა და შესაბამისობის დადგენას მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან (EQF-LLL) და ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩოსთან (QF-EHEA). აღნიშნული უზრუნველყოფს საქართველოს განათლების სისტემის ცნობადობის ამაღლებას და გაამარტივებს საქართველოში მიღებული განათლების აღიარებას ევროკავშირის ქვეყნებში.

 

საგულისხმოა, რომ პროექტის აქტივობების შესახებ ინფორმაცია გაზიარებული იქნება საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგალითად: EQF მრჩეველთა ჯგუფთან, EHEA-QF-ის ფარგლებში შექმნილ ეროვნული კორესპონდენტების პლატფორმასთან და კვალიფიკაციების ჩარჩოს ექსპერტთა თემატური სამუშაო ჯუფის TPG A on QF-ს წევრებთან.

 

პროექტის სხვადასხვა აქტივობის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია თვითსერტიფიცირებისა და რეფერენსირების პროცესში სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების წარმომადგენელთა ჩართულობაც. მათი ჩართულობა მიზნად ისახავს რეგიონის ქვეყნების განათლების სისტემების ევროპული განათლების სისტემასთან შესაბამისობაში მოყვანის ხელშეწყობისა და ევროპულ მეტა-ჩარჩოებთან ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოების ჰარმონიზაციის პროცესში საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას.

ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოებთან საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების პროცესი დაიწყო