მიმდინარე წელს პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შექმნილი 52 მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვა იწყება. ამ მიზნით კომპლექსური სამუშაოები ტარდება, რომლის ნაწილია მოდულურ პროგრამებზე მორგებული საგანმანათლებლო რესურსების მომზადება, რომ ყველა დასანერგი პროგრამა უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი სახელმძღვანელოთი.
პროფესიულ განათლებაში, გარდა იშვიათი გამონაკლისისა, აკადემიური განათლებისათვის შექმნილ სახელმძღვანელოებს იყენებენ. ახალი სახელმძღვანელოები კი მთლიანად მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე იქნება მორგებული.
მიმდინარე წლის 28 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით, ავტორების მიერ სახელმძღვანელოების პირველადი ვერსიების პრეზენტაციები გაიმართა. ამჯერად 20 სახელმძღვანელო იწერება. წლის ბოლომდე 50-ზე მეტი სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო რესურსი შეიქმნება, რაც პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის თავისუფლად იქნება ხელმისაწვდომი.