FAQ

ცენტრმა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტებისთვის ტრენინგების ციკლი დაიწყო, რომელიც ERASMUS+ პროექტის - ETHICS ფარგლებში იმართება

14 ნოემბერი 2024

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, როგორც პარტნიორი ინსტიტუცია ჩართულია Erasmus+-ის პროექტში - „კვლევის პასუხისმგებლობით წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის პროფესიული განვითარება სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების მიმართულებით.


პროექტის მიზანია უახლესი სამეცნიერო კვლევებისა და აკადემიური მიღწევების გათვალისწინებით, სამეცნიერო საქმიანობის განვითარება. ასევე, კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების ასახვა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის შეფასების პროცესებში.


აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში დაიხვეწა ცენტრის მიერ შემუშავებული სადოქტორო საფეხურის განათლების ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც დამტკიცდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 30 აგვისტოს ბრძანებით.


ტრენინგების ციკლი ითვალისწინებს აკრედიტაციის ექსპერტთათვის სადოქტორო პროგრამების შეფასების ევროპული გამოცდილების გაზიარებას, განახლებული სადოქტორო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტის მოთხოვნების გაცნობას, მათ შორის, კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების სტანდარტებისა და შეფასების თავისებურებების გაზიარებას და სხვა სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებას.  


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად პროექტის პარტნიორები არიან, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის  სამინისტრო, სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოს 10 და ევროპის 4 უნივერსიტეტი.


მიმდინარე ეტაპზე, ონლაინ რეჟიმში,  ტრენინგები ჩატარდა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტებთან და ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებთან.


ტრენინგების ციკლი ჩატარდება ეტაპობრივად 2025 წლის 1 მარტამდე, რომლის ფარგლებშიც სულ გადამზადდება 230 აკრედიტაციის ექსპერტი.

ცენტრმა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტებისთვის ტრენინგების ციკლი დაიწყო, რომელიც ERASMUS+ პროექტის - ETHICS ფარგლებში იმართება