სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით პროექტის - „საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირების და თვითსერტიფიცირების პროცესების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება (GEOREF)“ ფარგლებში, ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თვითსერტიფიცირებისა და რეფერენსირების პროცესის განხორციელების სამუშაო ჯგუფის მე-4 სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების პროცესების მათ მიერ შესწავლილი საერთაშორისო გამოცდილება, განიხილეს “ეროვნული კვალიფიკაციების სისტემის ანალიზის” დოკუმენტი და გადახედეს რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების დოკუმენტის სარჩევს.
შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის ძირითადი ჯგუფისა და ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თვითსერტიფიცირებისა და რეფერენსირების პროცესის განხორციელების მიზნით დამტკიცებული სამუშაო ჯგუფის წევრები.
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა აღნიშნული პროექტი ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოებთან ჰარმონიზაციის მიზნით დაიწყო, რაც გულისხმობს ევროპულ მეტა-ჩარჩოებთან (EQF-LLL, QF-EHEA) საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების პროცესს. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ჰარმონიზებასა და შესაბამისობის დადგენას მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან (EQF-LLL) და ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩოსთან (QF-EHEA).
პროექტი უზრუნველყოფს საქართველოს განათლების სისტემის ცნობადობის ამაღლებას და ხელს შეუწყობს საერთაშორისო დონეზე საქართველოში მინიჭებული კვალიფიკაციების თავსებადობის დადგენას.