11 მაისს პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის პერსონალმა და ფასილიტატორთა ჯგუფმა კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასრულებული მოდულების პილოტირების შედეგები განხილეს.
ხუთმა კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებამ, მათ შორის ერთმა ზოგადსაგანმანათლებლო, ერთმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ და სამმა საზოგადოებრივმა კოლეჯმა მიმდინარე წელს დაასრულა 2014 წელს დაწყებული პილოტირების პროცესი.
საჯარო დაწესებულებებში პილოტირების პროცესი საქართველოს განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირის (თავმჯდომარე - დანიელ დავითაშვილი) სასამართლო საჩივრის საფუძველზე შეჩერდა, რამაც ხელი შეუშალა პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის განხორციელებას. თუმცა, მიმდინარე წელს სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული საჩივარი უსაფუძვლოდ ცნო.
მიუხედავად ამისა, კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებმა განახორციელეს და დაასრულეს მოდულების პილოტირების პროცესი და ანგარიშები განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს წარუდგინეს, რაზეც კერძო კოლეჯების ასოციაციის წარმომადგენელმა ნინო გომელაურმა გააკეთა პრეზენტაცია. როგორც პილოტირების მონიტორინგის შედეგებიდან ირკვევა, სტუდენტთა და მასწავლებელთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ სწავლის შედეგების მიღწევა მოდულური მიდგომით უფრო საინტერესო და ეფექტურია, ვიდრე საგნობრივი სწავლებით და პილოტირების პროცესში არსებითი ხასიათის პრობლემებს ადგილი არ ჰქონია. გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში შექმნილი მოდულური პროგრამების, ასევე კერძო კოლეჯებში დასრულებული მოდულების პილოტირების შედეგები იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ დანერგვის პროცესი წარმატებით განხორციელდება.