FAQ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ევროპულ მეტა-ჩარჩოებთან რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების თემაზე პირველ ვებინარს ონლაინ რეჟიმში უმასპინძლა

2 ივნისი 2025

ვებინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა მარგიშვილმა. სიტყვით გამოსვლისას, მან ხაზი გაუსვა GEOREF პროექტის მნიშვნელობას საქართველოს განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციისთვის და მადლობა გადაუხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ევროკომისიის, ევროსაბჭოს, ევროპის განათლების ფონდის, ევროპის განათლების კვლევების ცენტრის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ექსპერტებს და ცენტრის თანამშრომლებს ვებინარში მონაწილეობისთვის.


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის უფროსმა, ქეთევან ფანჩულიძემ წარადგინა GEOREF პროექტის ფარგლებში საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების კუთხით შესრულებული სამუშაო, პროექტის ფარგლებში, ჩატარდა  ეროვნული კვალიფიკაციების ანალიზის დოკუმენტის რევიზია და მომზადდა ანალიზის დოკუმენტი რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების ანგარიშის საერთაშორისო მაგალითების შესახებ.


ვებინარზე მოხსენებებით გამოვიდნენ: ევროპის კომისიის ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოს მრჩეველთა ჯგუფის ლიდერი, კუნ ნომდენი; ევროპის განათლების ფონდის (ETF) ადამიანური კაპიტალის უფროსი ექსპერტი, მაიკლ გრაჰამი; ევროპის განათლების კვლევების ცენტრის (CEDEFOP) კვალიფიკაციების ექსპერტი, ზელდა აზარა; ევროპის კომისიის, განათლების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, საერთაშორისო ექსპერტი, სჟურ ბერგენი; ევროპის კომისიის წარმომადგენელი ჟან ფილიპ რესტუა.


GEOREF პროექტის საერთაშორისო ექსპერტმა, ლატვიის აკადემიური ინფორმაციის ცენტრის დირექტორმა, ბაიბა რამინამ და GEOREF პროექტის ეროვნულმა ექსპერტმა, ხატია ცირამუამ, ვებინარის მონაწილეებს წარუდგინეს ბოლონიის პროცესის კვალიფიკაციების ჩარჩოს ექსპერტთა ჯგუფის (TPG A on QF) სამუშაო ფორმატის ფარგლებში შემუშავებული თვითსერტიფიცირების ანგარიშის სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ბოლონიის პროცესის მონაწილე ქვეყნებისთვის დეტალურ რეკომენდაციებს ეროვნული ანგარიშის მომზადებისთვის თვითსერტიფიცირების თითოეულ კრიტერიუმთან მიმართებით.
თითოეულმა მომხსენებელმა საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა იმ პროგრესს, რაც საქართველოს აქვს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების პროცესში და ასევე ყურადღება გაამახვილეს რეფერესირებისა და თვითსერტიფიცირების მნიშვნელობაზე, როგორც მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის პრინციპის დანერგვის მიმართულებით არსებულ ერთ-ერთ ხელშემწყობ მექანიზმზე.


ვებინარზე საკუთარი ქვეყნების გამოცდილებები გაგვიზიარეს ალბანეთის ბარლეტის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე ხუვანიმ  და ირლანდიის ხარისხისა და კვალიფიკაციების ცენტრის, კვალიფიკაციების, ინფორმაციის და განათლების შესაძლებლობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ორლა ბერიმ. 


„საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების პროცესების საშუალებით” (GEOREF) პროექტი ევროპის კომისიის ერაზმუს + პროგრამის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ძირითადი მიზანია საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ჰარმონიზაცია ევროპულ კვალიფიკაციების მეტა ჩარჩოებთან. პროგრამის წარმატებული განხორციელება  უზრუნველყოფს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით და ბოლონიის პროცესით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. პროექტის ფარგლებში, 2026 წლის გაზაფხულზე მომზადდება საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირების და თვითსერტიფიცირების თვითშეფასების დოკუმენტი ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტების აქტიური ჩართულობით და ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით. 


პროექტის წარმატებით განხორციელება, უზრუნველყოფს  სემინარებისა და საჯარო განხილვების გზით დაინტერესებული მხარეების ინფორმირებულობის გაზრდას საქართველოს განათლების სისტემის მიმართ და ასევე ხელს შეუწყობს  ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დანერგვის პროცესს. 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ევროპულ მეტა-ჩარჩოებთან რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების თემაზე პირველ ვებინარს ონლაინ რეჟიმში უმასპინძლა