FAQ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი CEENQA-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრი გახდა

18 ივნისი 2025

გენერალურ ასამბლეაზე, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ქსელის (CEENQA) წევრებმა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა მარგიშვილი, აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს.

 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის არჩევა CEENQA-ს აღმასრულებელ საბჭოში, კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო დონეზე ცენტრის სანდოობის  მაღალ ხარისხს, ხელს უწყობს ცნობადობის ამაღლებას და ასევე, უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ცენტრის საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის ხარისხის გაზრდას.

 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლობა,  CEENQA- აღმასრულებელ საბჭოში, უზრუნველყოფს ცენტრის აქტიურ მონაწილეობას უმაღლესი განათლების ხარისხის მიმართულებით არსებული საკითხებისა და გამოწვევების განხილვის პროცესებში. ასევე, ცენტრს ეძლევა შესაძლებლობა – CEENQA-სთან დაკავშირებული სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტის პროცესში იყოს ჩართული, გააღრმაოს საერთაშორისო თანამშრომლობა, ჩაერთოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების მოდიფიცირებასთან დაკავშირებულ დისკუსიებში, გაიზიაროს საუკეთესო პრაქტიკა და თავადაც წარადგინოს ქართული უმაღლესი განათლების სისტემის ძირითადი მიღწევები და გამოწვევები.

 

CEENQA 2001 წელს დაფუძნდა  და მისი მიზანია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ხელი შეუწყოს, წევრ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების გზით უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გაუმჯობესებას. ქსელში გაწევრიანების შესაძლებლობა  იმ სააგენტოებს ეძლევათ, რომლებიც უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხში ხელმძღვანელობენ საერთაშორისო დონეზე აღიარებული სტანდარტებით და სახელმძღვანელო პრინციპებით, როგორებიცაა უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები და სახელმძღვანელო პრინციპები (ESG 2015).

 

2025 წლის ივნისის მდგომარეობით, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპულ ქსელს (CEENQA) ჰყავს 46 წევრი: 42 სრულუფლებიანი და 4 დამკვირვებელი წევრი.

 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი CEENQA-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრი გახდა