განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 14 მაისს გაიმართა ტურიზმისა და სასტუმრო-სარესტორნო მიმართულების 8 მოდულური პროგრამის ვალიდაცია. ვალიდაციაში, ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, მონაწილეობას იღებდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ მოწვეული დოქტორი ჯერალდ ვენცელი, რომელიც ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მსოფლიოში ცნობილი ექსპერტია. ის შესაბამისი სპეციალიზებული სასწავლებლის ხელმძღვანელი და ათამდე დარგობრივი ასოციაციის წევრია. აქტიურადაა ჩართული როგორც საგანმანათლებლო, ისე ტურიზმის განვითარების პოლიტიკის შემუშავების საკითხებში.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროპული განათლების სისტემისკენ დგამს ნაბიჯებს, თქვენი კვალიფიკაციები თავსებადია ევროპულთან, თუმცა ბუნებრივია, ეროვნულ თავისებურებებს ითვალისწინებს. დიდი შრომაა გაწეული. პროდუქტი მისაღებია როგორც ფორმის, ისე შინაარსის თვალსაზრისით“ - განაცხადა ჯერალდ ვენცელმა.
შეხვედრის დასასრულს სტუმარმა ისაუბრა პროფესიული განათლების გერმანულ მოდელზე, გერმანული კვალიფიკაციების სისტემაზე, ზოგადად ტურიზმისა და სასტუმრო-სარესტორნო მიმართულების კვალიფიკაციების განვითარების აქტუალობაზე მთელ ევროპაში.