FAQ

განახლდა მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი

24 ივლისი 2025

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი   გაცნობებთ, რომ ცენტრის დირექტორის 2025 წლის 23 ივლისის N905313 ბრძანებით განახლდა მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი. დოკუმენტის განახლებაზე იმუშავა ცენტრის დირექტორის   2023 წლის 8 დეკემბრის N1672828 ბრძანებით დამტკიცებულმა მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივმა საბჭომ. 
 
განახლებული დარგობრივი მახასიათებელი მოიცავს შემდეგ ცვლილებებს:
 
1.    მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესში გამოვლენილი საკითხების დაზუსტების მიზნით, დარგობრივ მახასიათებელს დაემატა განმარტებითი ჩანაწერი,  კერძოდ:  დარგობრივი მახასიათებლის IV თავის მე-8 პუნქტში, ობიექტურად  სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის (OSCE) და  mini -OSCE -ის გამოცდის და სადგურებთან დაკავშირებით. 

2.    დარგობრივმა მახასიათებელმა ასევე გაითვალისწინა  2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის ანგარიშში ასახულ რეკომენდაცია“, რომელთაგან ერთი  გულისხმობდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებით ტერმინოლოგიური უზუსტობის გასწორებას, ხოლო მეორე რეკომენდაცია ეხებოდა სწავლის შედეგების ნაწილში  დარგობრივი ცოდნის  კომპონენტში ბავშვის უფლებების სტანდარტებისა და ადამიანის უფლებათა სამართალის ცოდნის დამატებას. საბჭომ  მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული რეკომენდაციის შესაბამისი სწავლის შედეგების  მე-8 კომპეტენციაში  ასახვა.  

3.    დარგობრივ მახასიათებელში,  „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანების თანახმად, ასევე დაემატა ჩანაწერი დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვრის  ხვედრითი წილის განსაზღვრასთან დაკავშირებით.

4.    საბჭოს  გადაწყვეტილებით ასევე დაემატა ჩანაწერი მედიცინის ერთსაფეხურიან უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართული აკადემიური და მოწვეული პერსონალის ტრენინგის მომწოდებელთა მიმართ წაყენებული მოთხოვნების შესახებ.

მედიცინის უმაღლესი განათლების განახლებული დარგობრივი მახასიათებელი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

მოქმედი მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამები განახლებულ დარგობრივ მახასიათებელთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს დარგობრივი მახასიათებლის დამტკიცებიდან 6 თვის განმავლობაში.

ახალი საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების ცენტრში, სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენის დროს, პროგრამა/პროგრამები შესაბამისობაში უნდა იყოს განახლებული დარგობრივი მახასიათებლის მოთხოვნებთან.