საქართველო და მოლდოვა განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს განაახლებენ და ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ მასწავლებლის მომზადების, კარიერული ზრდისა და ანაზღაურების პოლიტიკის განხორციელების პროცესის შესახებ. ამ საკითხებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე და მოლდოვის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლორეტა ჰანდრაბურა ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის მინისტერიალის კონფერენციასა და რიგით მეოთხე ბოლონიის პოლიტიკის ფორუმის ფარგლებში გამართული ორმხრივი შეხვედრის დროს შეთანხმდნენ.
შეხვედრაზე მოლდოვის მხარე დაინტერესდა საქართველოში მასწავლებლის მომზადების პროგრამებით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ მოლდოვის განათლებისა და მეცნიერების დელეგაციას გააცნო მასწავლებლის მომზადების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი ცვლილებების შესახებ, კარიერული ზრდის და სახელფასო სქემის შესახებ.
ქართულმა მხარემ მოლდოვურ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია სამ ქართულ უნივერსიტეტში-საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) მიმართულებით საბაკალავრო პროგრამების განვითარების შესახებ, სან დიეგოს უნივერსიტეტთან ერთად ფონდის „ათასწლეულის გამოწვევა“ ფინანსური მხარდაჭერით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ამავე მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან ამერიკულ უნივერსიტეტთან ერთად შეიქმნება სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, რომელსაც შესთავაზებენ მსურველებს არამარტო საქართველოს, არამედ რეგიონის მასშტაბით.
შეხვედრაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ აგრეთვე ისაუბრა ფიზიკისა და მათემატიკის ინსტიტუტების ბაზის გაძლიერების პროგრამებისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ინტერნაციონალიზაციის პერსპექტივებზე. საქართველო დაპირდა მოლდოვურ მხარეს გაუზიაროს გამოცდილება ინგლისური ენის სწავლების პროგრამებისა და პროფესიული განათლების სფეროში მოდულური საგანამანთლებლო პროგრამების განვითარების შესახებ. ამჟამად, მოლდოვაში არ არის მიღებული ცალკე სამართლებრივი აქტები ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროს რეგულირებისათვის. მხარეებმა გაცვალეს არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების საკითხების შესახებ ინფორმაცია.