სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა განახორციელა ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მონიტორინგი. პროცესის შედეგად მიღებული რეკომენდაციები აისახა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში (შემდგომში – 69/ნ ბრძანება).
ცვლილებები მოიცავს შემდეგს:
· 69/ნ ბრძანების დანართი N1-ის პირველ მუხლში შეიცვალა ჩანაწერი და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: "კვალიფიკაციის დონე წარმოადგენს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოში კვალიფიკაციის სირთულის განმსაზღვრელ ელემენტს, რომელიც აერთიანებს „ცოდნითა და გაცნობიერებით“ (სწავლის ან საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული ინფორმაციის, ფაქტების, პრინციპების, თეორიების, თეორიული და პრაქტიკული მეთოდების ასიმილაციის შედეგი), „უნარით“ (კონკრეტული დავალების შესრულებისა და პრობლემების გადაჭრისათვის შესაბამისი ცოდნის გამოყენების შესაძლებლობა) და „პასუხისმგებლობითა და ავტონომიურობით“ (ღირებულებებითა და დამოუკიდებლობის შესაბამისი ხარისხით პირის მიერ ცოდნისა და უნარების გამოყენება) აღწერილ, განზოგადებულ სწავლის შედეგებს − აღმწერებს, შემდეგი სახით:"
ზემოაღნიშნული ცვლილების საფუძველზე, „პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის“ კომპონენტი სავალდებულო გახდა, რაც ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულის აღჭურვას შრომის ბაზრისთვის საჭირო კომპეტენციებით, ამასთანავე მაღალი ხარისხით განხორციელდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან კვალიფიკაციის დონის შესაბამისობის დადგენის პროცესი.
· 69/ნ ბრძანების დანართი N1-ით განსაზღვრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების სახელწოდებები ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:
- „საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი“
- „სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − სრული ზოგადი განათლების ატესტატი“;
· გასწორდა ტექნიკური ხარვეზები.
განახლებული დოკუმენტები ხელმისაწვდომია ბმულზე: https://eqe.ge/ka/page/parent/787/erovnuli-kvalifikatsiebis-charcho