ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის მინისტერიალის კონფერენციასა და რიგით მეოთხე ბოლონიის პოლიტიკის ფორუმის ფარგლებში, 14 მაისს, ორმხრივი შეხვედრა გაიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის გიორგი შარვაშიძისა და უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრს სერჰი კვიტს შორის.
შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. უკრაინის განათლების და მეცნიერების მინისტრმა ისაუბრა უმაღლეს განათლებაში საკანონმდებლო ცვლილებებსა და უკრაინის განათლების სისტემის დაფინანსების საკითხში ომის შედეგად გამოწვეულ სირთულეებზე. უკრაინაში უმაღლესი განათლების სფეროში საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ასპირანტურა შეიცვლება დოქტორანტურის 4-წლიანი პროგრამით.
ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ საქართველო ამჟამად მასპინძლობს 60 უკრაინელ ტრენერს ინოვაციებისა და ახალგაზრდა მეცნიერების მხარდაჭერის მიზნით. შეხვედრაზე განიხილეს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის Horizon 2020 ფარგლებში თანამშრომლობის პერსპექტივები.
ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა ბატონმა გიორგი შარვაშიძემ გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი მეცნიერების დარგებსა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში.
ქართული მხარე შეხვედრაზე შეეხო საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინის უნივერსიტეტების ფილიალების ფუნქციონირებას, რომელთაგან ზოგიერთი „არალიცენზირებულია“. უკრაინის მხარემ ვალდებულება აიღო ქართულ მხარეს მიაწოდოს ინფორმაცია უკრაინული უნივერსიტეტების სტატუსის შესახებ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს განსაკუთრებულ ინტერესს ხელი შეუწყოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების (STEM) შემდგომ განვითარებას.
შეხვედრის დასასრულს, ქართულმა მხარემ უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი საქართველოში მოიწვია. უკრაინული მხარე დათანხმდა მოწვევას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ კომუნიკაციას უკრაინის ტერიტორიაზე კერძო უმაღლესი სასწავლებლების ფუნქციონირების შესახებ.