განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, დაინტერესებულ მხარეებთან ცენტრის 2026-2030 წლების სტრატეგიული გეგმის პროექტის განხილვა გაიმართა.
სამუშაო შეხვედრას დაესწრო და შეკრებილ საზოგადოებას მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ. მან, მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა განათლების სისტემის გამართული ფუნქციონირებისა და სტაბილური განვითარებისათვის სტრატეგიული დაგეგმვის მნიშვნელობას. მისი განცხადებით, განათლების ხარისხის განმტკიცება და ეფექტიანი მმართველობის ჩამოყალიბება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2026-2030 წლების სტრატეგიული გეგმის პროექტის ძირითადი მახასიათებლები დაინტერესებულ პირებს წარუდგინა ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა მარგიშვილმა.
სტრატეგიის ახალი დოკუმენტი მოიცავს შემდეგ საკითხებს -
ცენტრის ძირითად მიღწევებსა და გამოწვევებს;
ცენტრის ორგანიზაციულ განვითარებას;
განათლების ინტერნაციონალიზაციას,;
განათლების ყველა საფეხურზე განათლების ხარისხის კულტურის მუდმივი განვითარების ხელშეწყობას;
ცენტრის მიერ შეთავაზებული სერვისების უწყვეტ განვითარებას და სტრატეგიის განხორციელების ძირითად მექანიზმებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და სხვა კოლეგა სამინისტროების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლები, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლები, ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრები, ავტორიზაციის, აკრედიტაციის, სააპელაციო საბჭოს წევრები, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრები, განათლების სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ცენტრის თანამშრომლები.
სამუშაო შეხვედრა წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში. დამსწრე პირებმა დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით დასვეს შესაბამისი კითხვები, გამოთქვეს მოსაზრებები და რეკომენდაციები, რომლებიც ასახული იქნება დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში.
აღნიშნული დოკუმენტის განხილვა, მის დამტკიცებამდე, ასევე დაგეგმილია სხვა დაინტერესებულ მხარეებთანაც.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2026-2030 წლების სტრატეგიული გეგმის პროექტი საჯარო განხილვისთვის ასევე გამოქვეყნებული იქნება ცენტრის ვებგვერდზე - www.eqe.ge