განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით პროექტის - „საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირების და თვითსერტიფიცირების პროცესების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება (GEOREF)“ ფარგლებში „სწავლის შედეგების“ თემაზე 2025 წლის 19 სექტემბერს მეორე ურთიერთსწავლების აქტივობა (PLA) გაიმართა.
ზემოაღნიშნული შეხვედრის მიზანი იყო ძირითადი დაინტერესებული მხარეებისათვის, სწავლის შედეგების როლისა და მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამღლების ხელშეწყობა; ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირების და თვითსერტიფიცირების ანგარიშში სწავლის შედეგების ეფექტიანი ფორმულირებისათვის, საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება. ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე, შესაბამისი ექსპერტებისა და ინსტიტუტების ჩართულობით თანამშრომლობის გაღრმავება.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა, GEOREF პროექტის გუნდისა და ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თვითსერტიფიცირებისა და რეფერენსირების პროცესის განხორციელების მიზნით დამტკიცებული სამუშაო ჯგუფის წევრებმა; ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დანერგვისა და განვითარების მიზნით შექმნილი მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლებმა; პროექტში ჩართულმა ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა ლატვიიდან და იტალიიდან.
შეხვედრაზე ასევე მოწვეულები იყვნენ ექსპერტები - სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. მათი ჩართულობა მიზნად ისახავდა რეგიონის ქვეყნების განათლების სისტემების ევროპული განათლების სისტემასთან შესაბამისობაში მოყვანის ხელშეწყობისა და ევროპულ მეტა-ჩარჩოებთან ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოების ჰარმონიზაციის პროცესში საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას.
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ჰარმონიზებასა და შესაბამისობის დადგენას მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან (EQF-LLL) და ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩოსთან (QF-EHEA). აღნიშნული უზრუნველყოფს საქართველოს განათლების სისტემის ცნობადობის ამაღლებას და
გაამარტივებს საქართველოში მიღებული განათლების აღიარებას ევროკავშირის ქვეყნებში.