სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, პროექტის „საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების პროცესების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება (GEOREF)“ ფარგლებში, მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, გაიმართა 1-ლი სამუშაო შეხვედრა საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების პროცესის მხარდამჭერი დაინტერესებული მხარეების გაფართოებულ სამუშაო ჯგუფთან.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების პროცესის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ფართო საზოგადოების ინფორმირებასა და აღნიშნულ პროცესებში მათი ჩართულობის უზრუნველყოფას.
გაფართოებული სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან დარგობრივი სამინისტროების, განათლების სფეროსთან დაკავშირებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ) ან/და არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების (ა(ა)იპ) წარმომადგენლები; დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და განათლების სფეროში ოპერირებადი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები; დარგობრივი გაერთიანებებისა და ასოციაციების წარმომადგენლები; ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.
ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ევროპულ მეტა ჩარჩოებთან რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების პროცესში ფართო საზოგადოების ჩართულობა ხელს შეუწყობს:
• ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დანერგვისა და მისი ევროპულ მეტა ჩარჩოებთან რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების პროცესის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას;
• რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების პროცესის ლეგიტიმაციასა და სანდოობას;
• განათლების სისტემის რეალისტურად და ობიექტურად ასახვას რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების ანგარიშში;
• ინკლუზიურობასა და გამჭვირვალობას განათლების სისტემის ყველა აქტორისა და დაინტერესებული მხარის ჩართულობით;
• კვალიფიკაციების შინაარსის დაახლოებას შრომის ბაზრის მოთხოვნებთან;
• ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირების პროცესის მდგრადობასა და ეფექტიანობას.
გაფართოებულ სამუშაო ჯგუფთან მომავალშიც იგეგმება სისტემატიური შეხვედრები რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების პროცესის ფარგლებში მიმდინარე პროგრესისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ფართო საზოგადოების ინფორმირებისა და მათგან უკუკავშირის მიღების მიზნით.
აღნიშნული პროექტი ერაზმუს + პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და ცენტრის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოებთან ჰარმონიზაციის მიზნით დაიწყო, რაც გულისხმობს შესაბამისობის დადგენას მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან (EQF-LLL) და ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩოსთან (QF-EHEA). აღნიშნული უზრუნველყოფს საქართველოს განათლების სისტემის ცნობადობის ამაღლებას და გაამარტივებს საქართველოში მინიჭებული კვალიფიკაციის აღიარებას საერთაშორისო სივრცეში.