განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა მარგიშვილმა და ცენტრის თანამშრომლებმა, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის განათლების ინსპექტორიატის (EIB) დირექტორსა და წარმომადგენლებს უმასპინძლეს.
სამუშაო ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ორ ქვეყანას შორის ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის გაღრმავება.
შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს როგორებიცაა: სსიპ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ძირითადი მანდატი, სკოლების ავტორიზაციის სტანდარტები და პროცედურები, საკანონმდებლო ბაზა, ზოგადი განათლების კუთხით ბოლო პერიოდში მიღწეული შედეგები, მონიტორინგის მექანიზმები, საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებულ პროცედურები. ასევე, ხაზი გაესვა ცენტრის გამოცდილებას ევროპის განათლების ეროვნული და რეგიონული ინსპექტორიატების ასოციაციაში (SICI) გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
თავის მხრივ, სომხეთის რესპუბლიკის ინსპექტორიატმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ზოგადი განათლების მიმართულებით რისკების შეფასებასა და ინსპექტირებისას გამოყენებულ ინსტრუმენტებზე, ასევე ინსპექტირების განხორციელების მიდგომებსა და პროცედურებზე.
შეხვედრების დასასრულს ორივე უწყების წარმომადგენლებმა თანამშრომლობის გაფართოების მზაობა გამოხატეს.