FAQ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საერთაშორისო ორგანიზაციის TAICEP-ის ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

4 დეკემბერი 2025

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა, ხორვატიის ქალაქ კავტატში გამართულ  საერთაშორისო აკადემიური კვალიფიკაციების შემფასებელთა ასოციაციის (TAICEP) ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.

2025 წელს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საერთაშორისო აკადემიური კვალიფიკაციების შემფასებელთა ასოციაციის (TAICEP) წევრი გახდა. 

ასოციაცია აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის პროფესიონალებსა და ინსტიტუციებს, რომლებიც ჩართულები არიან უცხოური კვალიფიკაციების აღიარებასა და შეფასებაში.

კონფერენციაზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა წარადგინეს პრეზენტაცია, სადაც მიმოიხილეს საქართველოს განათლების სისტემა. მათ შორის ყურადღება გამახვილდა ზოგად და უმაღლეს განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებზე. 

ასევე, მოხსენების ფარგლებში ძირითადი აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული განათლების აღიარების პროცესებზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

პრეზენტაციის დასკვნით ნაწილი შეეხო საერთაშორისო პრაქტიკას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული განათლების აღიარების მიმართულებით. გაკეთდა პარალელები საქართველოს, აშშ-ისა და კანადის გამოცდილებებს შორის.

TAICEP-ის მეშვეობით საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, მუდმივად იყოს ჩართული განათლების აღიარების მიმართულებით განვითარებაში, მონაწილეობა მიიღოს ტრენინგებსა და საერთაშორისო კონფერენციებში, გააზიაროს გამოცდილება და გაეცნოს თანამედროვე ტენდენციებსა და გამოწვევებს, აკადემიური კვალიფიკაციების შეფასების მიმართულებით.

TAICEP-ის კონფერენცია წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას გამოცდილების გაზიარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისათვის, სადაც საქართველოს მონაწილეობა განსაკუთრებით აღინიშნა, როგორც ახალი წევრისა და აქტიური მონაწილე ქვეყნის სტატუსით.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საერთაშორისო ორგანიზაციის TAICEP-ის ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა