განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა, ქალაქ ბუდაპეშტში, 2025 წლის ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ფორუმში (EQAF) მიიღეს მონაწილეობა.
ფორუმის მთავარი თემა იყო განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ინსტიტუციური მდგრადობის შენარჩუნება კრიზისულ პირობებში.
ფორუმის ფარგლებში, ცენტრის წარმომადგენლებმა წარადგინეს მოხსენება -’“განათლება, როგორც თავშესაფარი: საქართველოს რეაგირება ადგილობრივ და საერთაშორისო ლტოლვილების კრიზისზე“ პრეზენტაციის შესავალი დაეთმო განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მნიშვნელობას კრიზისის დროს და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების როლს სხვადასხვა ტიპის გლობალური გამოწვევების პირობებში.
პრეზენტაციის ძირითადი ნაწილი ფოკუსირებული იყო საქართველოს მიერ გამოყენებულ სამართლებრივი მექანიზმების აღწერაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების სამართლიან აღიარებას, თვითგამოცხადებული ტერიტორიების დოკუმენტების ჩანაცვლების პროცესს, ასევე უკრაინელი ლტოლვილებისთვის დოკუმენტების მოქნილ შემოწმებას. მათ შორის, განათლების შესახებ ერთიანი სახელმწიფო ელექტრონული მონაცემთა ბაზიდან (EDBO) მიღებული მონაცემების ოფიციალური დამოწმების გარეშე აღიარების პროცედურებს.
პრეზენტაციის მიმდინარეობისას განიხილეს ახალი პროცედურები იმ პირებისთვის, რომლებსაც საერთაშორისო დაცვის სტატუსი აქვთ და ვერ წარადგენენ განათლების დამადასტურებელ დოკუმენტაციას. საქართველოს მაგალითზე ხაზი გაესვა კრიზისულ პირობებში მოქნილი და სამართლიანი აღიარების სისტემის გამოყენების მნიშვნელობას.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებსა და ფორუმის მონაწილეებს შორის გაიმართა დისკუსია, სადაც გამოიხატა განსაკუთრებული დაინტერესება საქართველოში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული განათლების აღიარების პროცედურებთან დაკავშირებით.
მხარეებს შორის მოხდა გამოცდილებების გაზიარება და განმარტება, თუ რა რეკომენდაციებს შეიძლება გასცემდეს საქართველო სხვა ქვეყნებისთვის მსგავსი გამოწვევების მართვისა და ეფექტიანი პროცესების დანერგვის მიმართულებით.