განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა და იტალიის უნივერსიტეტებისა და კვლევის შეფასების ეროვნულმა სააგენტომ (ANVUR) ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ეფუძნება უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში (EHEA) მოქმედ სტანდარტებს.
მემორანდუმის მიზანია ორ სააგენტოს შორის თანამშრომლობა ინფორმაციის გაცვლის, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების, პერსონალის მობილობის და ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით. მემორანდუმი ასევე, მოიცავს ერთობლივი კონფერენციების, სემინარებისა და კვლევითი პროექტების ორგანიზებას.
უნივერსიტეტებისა და კვლევის შეფასების ეროვნული სააგენტო (ANVUR) წარმოადგენს იტალიის ეროვნულ ორგანიზაციას, რომელიც პასუხისმგებელია იტალიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სწავლებისა და კვლევითი საქმიანობის ხარისხის, ასევე მათი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების გარე შეფასებაზე.
ორგანიზაცია მუშაობს უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის (EHEA) ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების ფარგლებში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს იტალიის უმაღლესი განათლების აკადემიური სტანდარტების დაცვასა და განვითარებაში.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, ANVUR-თან თანამშრომლობა საშუალებას მისცემს გააფართოვოს საერთაშორისო პარტნიორობა. მათ შორის, გაიზიაროს საერთაშორისო გამოცდილება უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და კვლევის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ევროპულ სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან შესაბამისობას.