სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2026 წლის 13 თებერვლის №163546 ბრძანებით დამტკიცდა ბავშვის უფლებების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი, რომელიც საქართველოში ბავშვის უფლებების მიმართულებით უმაღლესი განათლების განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.
დოკუმენტი ცენტრს გარე ინიცირების გზით წარუდგინა სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. ინიციატივა მიზნად ისახავდა სწავლის სფეროების კლასიფიკატორში, დეტალურ სფეროში „სოციალური კეთილდღეობა – არაკლასიფიცირებული“ (კოდი 0929), ახალი მიმართულების — „ბავშვის უფლებები (Child Rights)“ - დამატებას.
დარგობრივი მახასიათებლის შემუშავების მიზნით ცენტრში შეიქმნა ბავშვის უფლებების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭო. საბჭომ დოკუმენტზე მუშაობა მრავალ ეტაპად წარმართა - გაიმართა სამუშაო შეხვედრები და სხდომები, სადაც განხილულ იქნა დარგისთვის განსაზღვრული მინიმალური სწავლის შედეგები, სწავლა-სწავლებისა და შეფასების მიდგომები, პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო რესურსები და სხვა არსებითი მახასიათებლები.
საბჭოს მუშაობაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, სახელმწიფო უწყებების, პროფესიული ასოციაციებისა და სხვა დაინტერესებული ინსტიტუციების წარმომადგენლები, რამაც უზრუნველყო სამუშაო პროცესში სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ჩართულობა და საკითხების მრავალმხრივი განხილვა.
დარგობრივმა საბჭომ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება ცენტრის დირექტორისთვის დარგობრივი მახასიათებლის დამტკიცების რეკომენდაციის მიცემის შესახებ, რის საფუძველზეც მიღებულ იქნა მისი დამტკიცების გადაწყვეტილება.
დარგობრივი მახასიათებლის დამტკიცება გახდება საფუძველი სწავლის სფეროების კლასიფიკატორში შესაბამისი ცვლილების განხორციელებისთვის. შედეგად, დეტალურ სფეროში „სოციალური კეთილდღეობა - არაკლასიფიცირებული“ დაემატება მიმართულება „ბავშვის უფლებები (Child Rights)“, რაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მისცემს შესაძლებლობას, მაგისტრატურის საფეხურზე განახორციელონ ბავშვის უფლებების მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამები.
აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს ბავშვის უფლებების სფეროში აკადემიური განათლების განვითარებას და კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას.
დამტკიცებული დარგობრივი მახასიათებელი შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://eqe.ge/ka/page/static/1033/jandacva-socialuri-ketildgheoba