განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 13 მარტს გაიმართა ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დანერგვისა და განვითარების მიზნით შექმნილი მრჩეველთა საბჭოს XI სხდომა.
სხდომაზე მრჩეველთა საბჭოს წარედგინა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ეროვნულ კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც ეფუძნება „უმაღლესი განათლების შესახებ“ და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებში შეტანილ ცვლილებებს, აგრეთვე მინისტრის 2026 წლის 20 თებერვლის №20/ნ ბრძანებას — „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე კრედიტების მაქსიმალური რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ დოკუმენტებში შესატანი ცვლილებები შეთანხმდეს მრჩეველთა საბჭოსთან, როგორც ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დანერგვისა და განვითარების პროცესებში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველსაყოფად შექმნილ ცენტრის დირექტორის საკონსულტაციო კოლეგიურ ორგანოსთან.
მრჩეველთა საბჭომ დადებითი რეკომენდაცია გასცა ეროვნულ კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორში შესატანი ცვლილებების პროექტზე.
შეხვედრაზე ასევე გაზიარებული იქნა ინფორმაცია GEOREF პროექტის - „საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების პროცესების საშუალებით“ - ფარგლებში განხორციელებული III ურთიერთსწავლების აქტივობის (PLA) შესახებ.