განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა მარგიშვილმა, დირექტორის მოადგილე ქეთევან კობახიძემ და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებმა, ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
სამუშაო შეხვედრაზე მოწვეული იყო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია.
შეხვედრის ფარგლებში ზვიად გაბისონიამ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა, როგორც შრომის ბაზრის მოთხოვნის საკითხზე, ასევე რიგ პროფესიებში კადრების სიჭარბისა და დეფიციტის გამოწვევებზე.
მინისტრის მოადგილემ „განათლებისა და მეცნიერების შესახებ“ ახალი კანონპროექტის შემუშავების პროცესი მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ინიციატივა სფეროს მარეგულირებელი ძირითადი საკანონმდებლო აქტების კონსოლიდაციას ერთიან სამართლებრივ ჩარჩოში მოახდენს.
საკოორდინაციო საბჭოს ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორებიცაა: უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების ანგარიში, შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგად გაცემული რეკომენდაციები და ცენტრის განვითარების პრიორიტეტები.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საკოორდინაციო საბჭოს წევრი ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები, მათ შორის, განათლების ხარისხისა და ინოვაციების კონსულტანტი, ბიზნესის ადმინისტრირების აკრედიტაციის საერთაშორისო ფონდის (FIBAA) ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დიანა ფრეიბერგერი და მანჩესტერის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ემერიტუსი და სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი დევიდ გორდონი.