სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2026 წლის 22 ივლისის N961121 ბრძანებით დამტკიცდა პროფესიული კვალიფიკაციების შემუშავებისა და განვითარების მეთოდოლოგია, რომელიც განსაზღვრავს პროფესიული კვალიფიკაციების განვითარების ერთიან წესსა და პროცედურებს.
მეთოდოლოგიის შესაბამისად, პროფესიული კვალიფიკაციების განვითარება მოიცავს პროფესიის სტანდარტების, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტებისა და მოდულების შემუშავებას, განვითარებასა და გაუქმებას, ასევე პროფესიულ კვალიფიკაციებთან დაკავშირებული ინფორმაციის განახლებასა და სრულყოფას. პროცესი ეფუძნება შრომის ბაზრის მოთხოვნებს, დარგში მიმდინარე ცვლილებებს, ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მოთხოვნებს, საერთაშორისო პრაქტიკასა და სხვა შესაბამის მტკიცებულებებს.
მეთოდოლოგია უზრუნველყოფს პროფესიული კვალიფიკაციების განვითარების პროცესის გამჭვირვალობას, თანმიმდევრულობასა და ხარისხს. დოკუმენტი ასევე განსაზღვრავს პროფესიული კვალიფიკაციების განვითარების პროცესში ჩართული მხარეების როლებსა და პასუხისმგებლობებს, სამუშაო ჯგუფებისა და ექსპერტების მონაწილეობას, პროექტების ვალიდაციისა და დამტკიცების ეტაპებს.
აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ - პროფესიული უნარების სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად პროფესიის სტანდარტებისა და პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების შემუშავების, მათში ცვლილებების შეტანისა და გაუქმების პროცესების მართვის ფუნქცია სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაუბრუნდა. აღნიშნულ მიმართულებას ცენტრში კოორდინაციას კვალიფიკაციების განვითარების სამსახური გაუწევს, რომლის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას პროფესიული კვალიფიკაციების განვითარების პროცესის მართვა წარმოადგენს.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ცენტრის ვებგვერდზე: https://eqe.ge/ka/page/static/1141/profesiuli-ganatlebis-kvalifikaciebi