განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა აკრედიტაციის ახლადარჩეულ საერთაშორისო ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი იყო საერთაშორისო ექსპერტებისთვის საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის, აკრედიტაციის სტანდარტებისა და პროცედურების გაცნობა.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ძირითადი მახასიათებლები, ცენტრის სტრატეგიული განვითარების მიმართულებები და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები.
აკრედიტაციის ექსპერტები დეტალურად გაეცნენ სამართლისა და ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების თავისებურებებს, დარგობრივი მახასიათებლების გამოყენების პრაქტიკას, ექსპერტთა ჯგუფის მუშაობის პრინციპებს, ასევე ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტის, დასკვნის მომზადებისა და აკრედიტაციის საბჭოს სხდომის გამართვასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აკრედიტაციის პროცესში არსებულ პრაქტიკულ მაგალითებზე. კერძოდ, ცენტრის გამოცდილმა ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა ახლადარჩეულ კოლეგა ექსპერტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს აკრედიტაციის ექსპერტთა ეთიკის კოდექსზე, ექსპერტთა მხრიდან ინტერესთა კონფლიქტებზე, ერთობლივი და სადოქტორო პროგრამების შეფასების სპეციფიკაზე, ასევე სადოქტორო განათლებაში აკადემიური კეთილსინდისიერებისა და კვლევის ეთიკის შეფასების თავისებურებებზე.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს Erasmus+-ის პროექტის - ETHICS - ფარგლებში შემუშავებული MOOC-ის პლატფორმა გააცნეს.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მსგავსი შეხვედრების ორგანიზება მიზნად ისახავს საერთაშორისო ექსპერტებში, ერთი მხრივ, ადგილობრივი უმაღლესი განათლებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ხოლო მეორე მხრივ, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესში ერთიანი, გამჭვირვალე და ობიექტური მიდგომების დანერგვას.