სსიპ — განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ლაშა მარგიშვილი დაინიშნა.
ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ წარუდგინა.
მინისტრმა ლაშა მარგიშვილის საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებაზე ისაუბრა და მას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ლაშა მარგიშვილმა წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი. მას მიენიჭა სამართლის ბაკალავრისა და მაგისტრის კვალიფიკაცია. ამჟამად კი იმავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტია.
ლაშა მარგიშვილი, სსიპ — შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტის ფარგლებში, სამეცნიერო კვლევის განსახორციელებლად მივლენილი იყო დიდ ბრიტანეთში, Queen Mary University of London-ში.
ლაშა მარგიშვილს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2011 წლიდან სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობს სსიპ — განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. ასევე, 2012 წლიდან მოწვეული ლექტორის სტატუსით ეწევა აკადემიურ საქმიანობას.
ლაშა მარგიშვილს მონაწილეობა აქვს მიღებული უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით გამართულ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში. მათ შორის, რამდენიმე კონფერენციასა და ფორუმზე იყო მომხსენებელი და სესიის მოდერატორი.
არის რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. მინიჭებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედალი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სიგელი და სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) სერტიფიკატი.
2026 წელს, ხორვატიაში, ლაშა მარგიშვილი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ქსელის (CEENQA) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.
ლაშა მარგიშვილი დღემდე იკავებდა სსიპ — განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციას.