განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, პროექტის - „საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების პროცესების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება (GEOREF)“ ფარგლებში, 4 აგვისტოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ძირითად მიზანს საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების ანგარიშის პროექტის ბოლო რედაქციის განხილვა და მისი საბოლოო დახვეწა წარმოადგენდა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის წევრებისა და სხვა მონაწილეების მიერ წარმოდგენილი კომენტარები და შენიშვნები, ასევე პროექტის უცხოელი ექსპერტებისგან მიღებული უკუკავშირი.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ანგარიშში ასახული ფაქტობრივი და სამართლებრივი ინფორმაციის სიზუსტეს, შინაარსობრივ სისრულესა და სტრუქტურულ თანმიმდევრულობას, ასევე სტატისტიკური მონაცემების განახლებასა და ტერმინოლოგიურ და რედაქციულ გამართულობას.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა აღნიშნული პროექტი ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოებთან ჰარმონიზაციის მიზნით დაიწყო, რაც გულისხმობს ევროპულ მეტა-ჩარჩოებთან (EQF-LLL, QF-EHEA) საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების პროცესს. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ჰარმონიზაციას მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან (EQF-LLL) და ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩოსთან (QF-EHEA).