განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, პროექტის — „საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების პროცესების საშუალებით (GEOREF)“ შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ლაშა მარგიშვილმა გახსნა. მან ისაუბრა GEOREF პროექტის მნიშვნელობასა და საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ევროპულ კვალიფიკაციების ჩარჩოებთან ჰარმონიზაციის პროცესებზე.
ევროკომისიის დასაქმების, სოციალური საკითხებისა და ინკლუზიის გენერალური დირექტორატის (DG EMPL) EQF მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, კუნ ნომდენმა (Koen Nomden), დამსწრე საზოგადოებას ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს გამჭვირვალობის, ნდობისა და საერთაშორისო თავსებადობის უზრუნველყოფის მიზნით რეფერენსირების მექანიზმები დეტალურად გააცნო.
GEOREF პროექტის ეროვნულმა ექსპერტმა და ბოლონიის პროცესის კვალიფიკაციების ჩარჩოების ექსპერტთა ჯგუფის (TPG A on QF) თანათავმჯდომარემ − ხატია ცირამუამ წარადგინა პრეზენტაცია საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების პროცესში.
ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის უფროსმა და GEOREF პროექტის ხელმძღვანელმა, ქეთევან ფანჩულიძემ, კონფერენციაზე პროექტის ფარგლებში შემუშავებული საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების ანგარიშის პროექტი წარადგინა.
პროექტში ჩართულმა საერთაშორისო ექსპერტებმა — ლატვიის აკადემიური საინფორმაციო ცენტრის (AIC) დირექტორმა, ბაიბა რამინამ (Baiba Ramina), და იტალიის მობილობისა და აკადემიური კვალიფიკაციების აღიარების საინფორმაციო ცენტრის (CIMEA) დირექტორმა, კიარა ფინოჩეტიმ (Chiara Finocchietti), დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ განხორციელებული სამუშაოები და გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ევროპულ კვალიფიკაციების ჩარჩოსთან თავსებადობის დადგენასა და ჰარმონიზებას.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: „საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირება და თვითსერტიფიცირება: წარმატების ძირითადი ფაქტორები და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის როლი“. დისკუსიის მიმდინარეობისას უმაღლესი, პროფესიული და ზოგადი განათლების სექტორის წარმომადგენლებმა შეაჯამეს და განიხილეს პროექტის შედეგები, იმსჯელეს მის განხორციელებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე და დასახეს შემდგომი განვითარების ნაბიჯები. პანელურ დისკუსიას უძღვებოდა ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის უფროსის მოადგილე და პროექტის ეროვნული ექსპერტი - ნათია ვაჭარაძე.
GEOREF პროექტი 2024 წლის ოქტომბერში დაიწყო და აღნიშნული შემაჯამებელი კონფერენციით დასრულდა. პროექტი განხორციელდა ერაზმუს+ (Erasmus+) პროგრამის ფინანსური მხარდაჭერითა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანადაფინანსებით. პროექტის შედეგები ხელს შეუწყობს საქართველოში მინიჭებული კვალიფიკაციების საერთაშორისო ცნობადობის ზრდასა და ევროკავშირის ქვეყნებში მათი აღიარების პროცესების გამარტივებას.