ერევნის კომუნიკეში, რომელიც მიღებულ იქნა ბოლონიის მინისტერიალზე 2015 წლის 14-15 მაისს, განსაკუთრებული მნიშვნელობა დაეთმო სწავლებას, სწავლის ხარისხისა და შესაბამისობის გაუმჯობესებას, პედაგოგიური ინოვაციების ხელშეწყობას სტუდენტზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოში. აღნიშნულია, რომ სწავლას, სწავლებასა და კვლევას შორის უნდა იყოს „უფრო მჭიდრო კავშირი“ სწავლების ყველა დონეზე.
კომუნიკეში ხაზგასმულია, რომ სწრაფად ცვალებად შრომის ბაზარზე კურსდამთავრებულთა დასაქმებულობის ხელშეწყობა უნდა ხდებოდეს სტუდენტებისათვის შესაბამისი კომპეტენციების განვითარებით, რათა მათ უპასუხონ ახალ სამუშაო და ტექნოლოგიურ გამოწვევებს. შესაბამისი კომპეტენციების განვითარება, გაზრდის მათი დასაქმებისა და თვითდასაქმების შესაძლებლობებს.
კომუნიკეში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა საკითხებს, რომლებიც 2005 წლიდან ბოლონიის პროცესის ფარგლებში დაწყებული დიალოგისა და თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა - სტუდენტთა, აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობა და სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. კომუნიკეს მომზადების პროცესში განსაკუთრებული განხილვის საკითხი გახდა წევრ ქვეყნებს შორის გრანტების მობილობის შესაძლებლობა.
ბოლონიის მინისტერიალზე მინისტრები მიესალმნენ ბელარუსის გაწევრებას. კომუნიკეში აღნიშნულია, რომ 2018 წლისათვის საფრანგეთში დაგეგმილ მინისტერიალზე ბოლონიის პროცესის განხორციელების ჯგუფმა უნდა წარადგინოს ანგარიში ბელარუსის მიერ სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ.
მინისტერიალზე ასევე მიღებულ იქნა ბოლონიის პოლიტიკის მეოთხე ფორუმის განაცხადი. განაცხადში აქცენტი გაკეთებულია ევროპული უმაღლესი განათლების სივრცესა და შუა აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და აზიის ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობაზე - კვალიფიკაციების ორმხრივი აღიარების გაუმჯობესების, ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოების ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩოსთან თავსებადობის შედარების ხელშეწყობის, ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების განვითარების, კრედიტების ტრანსფერის სისტემის განვითარებისა და განხორციელების მიზნით.
ბოლონიის მინისტერიალზე მინისტრებმა მიიღეს პოლიტიკის განხორციელების სამი ინსტრუმენტი: (ა) ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები და სახელმძღვანელო პრინციპები, (ბ) ერთობლივი პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული მიდგომა და (გ) ECTS მომხმარებელთა სახელმძღვანელო.
ერევნის კომუნიკე
ბოლონიის პოლიტიკის მეოთხე ფორუმის განაცხადი
ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები და სახელმძღვანელო პრინციპები (ინგლისურ ენაზე)
ერთობლივი პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული მიდგომა (ინგლისურ ენაზე)
ECTS მომხმარებელთა სახელმძღვანელო (ინგლისურ ენაზე)