14 დეკემბერი 2015
პროფესიული განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის შესახებ, ძალზე მწირი ინფორმაცია აქვს საზოგადოებას. არადა, სფეროს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განვითარება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასთან. ცნობილია, რომ განვითარებულ ქვეყნებში უმაღლესი განათლების მქონე პირთა რაოდენობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე პროფესიული განათლების მქონეთა. ჩვენთან, სამწუხაროდ, პირიქითაა.
რა კეთდება იმისთვის, რომ ვითარება კარდინალურად შეიცვალოს და რა დადებითი ტენდენციები იკვეთება დღეისათვის. ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერი კახაბერ ერაძე.
— რა ფუნქცია აქვს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს პროფესიულ განათლებასთან მიმართებაში?
— საქართველოში პროფესიული განათლების მიღება შესაძლებელია როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური გზით. რაკი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მიღება ხორციელდება ავტორიზაციის პროცედურების გავლის გზით, ჩვენი ცენტრი პროფესიული დაწესებულებებისათვის ავტორიზაციისა და მათ მიერ განხორციელებული პროგრამებისათვის აკრედიტაციის პროცედურებს უზრუნველყოფს, ისევე როგორც ზოგადი და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის. თუ 2013-2020 წლებში განსახორციელებელი რეფორმის კუთხით შევხედავთ, ჩვენი ცენტრის კომპეტენციაში გაცილებით მეტი კომპონენტი შედის, მას ერთ-ერთი წამყვანი ფუნქცია ენიჭება სფეროს განვითარებაში, რადგან ცენტრის შიგნით ფუნქციონირებს პროფესიული კვალიფიკაციების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიული სტანდარტების გადამუშავებას, სტანდარტების და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების შექმნას, მატერიალური და რესურსების საჭიროების იდენტიფიკაციას, საგანმანათლებლო რესურსების შექმნას და მოდულური პროგრამების დანერგვის ხელშეწყობას.
— რა სახის საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა ბოლო ორი წლის განმავლობაში და რა მიზნით?
— განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები პირდაპირ უკავშირდება პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიით გათვალისწინებულ აქტივობებს. პირველ რიგში იმის შესახებ, თუ რატომ გახდა აუცილებელი ცვლილებები კანონმდებლობაში: აქამდე ჩვენ გვქონდა საგნობრივი პროგრამები, რაც იმას ნიშნავს, რომ სასწავლებელი, საკუთარი მატერიალური და ადამიანური რესურსებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, თავად შეიმუშავებდა საგანმანათლებლო პროგრამას. რეფორმის სტრატეგიიდან გამომდინარე კი გადავდივართ ეროვნულ დონეზე შემუშავებული პროგრამების განხორციელებაზე, რასაც მოდულურ საგანმანათლებლო პროგრამებს ვეძახით. ეს მიდგომა მეტად უზრუნველყოფს შრომის ბაზართან თავსებადობას, იმიტომ რომ, ჯერ ვქმნით სტანდარტს — პროფესიის აღწერას — რას ელოდება დამსაქმებელი შესაბამისი პროფესიის მქონე ადამიანისგან, რა უნარებს, ცოდნას, რა სახის სამუშაოს შესრულებას. ამას ვაკეთებთ აპრობირებული ე.წ. DACUM — კურიკულუმის განვითარების მეთოდოლოგიით, სადაც ჩართულია დამსაქმებელთა ფართო სპექტრი — მსხვილი და მცირე ბიზნესი, მეწარმეები, დასაქმებულები... ისინი ერთად ქმნიან პროფესიულ სტანდარტს, რომლის საფუძველზეც იქმნება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი, ანუ ეროვნული საგანმანათლებლო სტანდარტი. ეს უკანასკნელი კი საფუძველია პროფესიული სასწავლებლებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების შესაქმნელად. იმის თქმა მინდა, რომ საგნობრივისგან განსხვავებით (როცა სასწავლებელი შესაძლებლობისა და ინტერესების მიხედვით ქმნიდა პროგრამას), ეროვნულ პროგრამებში რესურსი წინასწარაა განსაზღვრული — რა სჭირდება ამა თუ იმ პროფესიის შესწავლას, ასევე პროგრამის გავლის შედეგად მისაღწევი სწავლის შედეგები. პროგრამა ნამდვილად მოდის თავსებადობაში კანონის განმარტებასთან, რომ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ესაა პრაქტიკული უნარების განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამა. თუ აქამდე არსებული საგნობრივი პროგრამები ძალიან ჰგავდნენ აკადემიურ პროგრამებს, ახალი პროგრამები ორიენტირებულია კეთების უნარების განვითარებაზე, რაც, ცალსახად, სწორია.
ამ მიდგომის დანერგვას სჭირდებოდა სწორედ ცვლილება კანონმდებლობაში, რათა ასახულიყო მოდულური პროგრამის არსი და განმარტება. არსებითი ცვლილებები გამოიწვია ამან შეფასების სისტემაშიც, რადგან არსებითად განსხვავდება ერთმანეთისაგან თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარის შეფასების მეთოდოლოგია. მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანს ან აქვს რაიმეს კეთების კომპეტენცია დადგენილი სტანდარტების მიხედვით, ან — არა. აქ შუალედური მდგომარეობა გამორიცხულია.
ძირითადად ეს ცვლილებები განხორციელდა, ჯერჯერობით, კანონმდებლობაში, თუმცა მომავალში უფრო რადიკალურსაც უნდა ველოდოთ. მზად არის ახალი კანონპროექტი „პროფესიული განათლების შესახებ“, რომლის ერთ-ერთი მიზანია იმ ჩიხური მდგომარეობის აღმოფხვრა, რასაც ქმნის მოქმედი კანონმდებლობა. მხედველობაში მაქვს შეზღუდვა, რომელიც საბაზო განათლების საფუძველზე პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირს ეროვნული გამოცდების ჩაბარების უფლებას არ აძლევს, რადგან მას არ აქვს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დამთავრების ატესტატი. ახალი მიდგომით, ასეთ პირს პროფესიული განათლების პარალელურად მიეცემა ზოგადი განათლების საფეხურისათვის დადგენილი სწავლის შედეგების მიღწევის საშუალება (რასაც სტრატეგიაც ითვალისწინებს), რაც გზას გაუხსნის მას უმაღლესი განათლებისაკენ.
— როგორ უნდა მოიქცნენ პროფესიონალები, რომლებსაც აქვთ მაღალი დონის უნარები, მაგრამ არა აქვთ დიპლომი, რის გამოც შესაძლოა ვერ დასაქმდნენ?
— პროფესიული განათლების ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ მისი მიღება შეიძლება როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების გზით. ფორმალური ნიშნავს, როცა ავტორიზებულ, საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაეუფლებით პროფესიას, ხოლო არაფორმალური, მაგალითად, მიებაროთ სახელოსნოში გამოცდილ ხელოსანს და იქ განავითაროთ პრაქტიკული უნარები, ანუ არაფორმალურ გარემოში. პირველი გზით მიიღებთ პროფესიულ განათლებას თუ მეორეთი, ერთსა და იმავე კვალიფიკაციაზე გადიხართ. სწორედ ასეთ შემთხვევებზე კეთდება აქცენტი ამჟამად — ეს არის არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმი. ასეთი პირები შეფასდებიან, შემოწმდება მათი ცოდნა-უნარები და პროფესიულ სტანდარტთან მათი თავსებადობის შემთხვევაში, მიენიჭებათ პროფესიული კვალიფიკაცია და გაიცემა შესაბამისი დიპლომი. ჩვენი აზრით, ეს უფლება, პირველ რიგში, პროგრამის განმახორციელებელ სასწავლებელს უნდა მიეცეს, თუმცა უნდა ვიფიქროთ სხვა მიდგომებზეც. ჩვენ შემუშავებული გვაქვს შეფასების ეროვნული სტანდარტები, რის მიხედვითაც მიენიჭება კვალიფიკაცია როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების შემთხვევაში. აღიარების ჯგუფში სავალდებულო წესით უნდა შედიოდნენ შესაბამისი ბიზნესის წარმომადგენლები, დასაქმებულები, პროფესიონალები, რათა ეს იყოს კოლეგიალური გადაწყვეტილება საქმის მცოდნე ადამიანებისა. ჩვენ აღიარების პროცედურაში არ ვმონაწილეობთ, შემოვიფარგლებით მხოლოდ მისი ხარისხის კონტროლით, ანუ მოგვიანებით შევამოწმებთ, რამდენად სწორად იქნა პირის არაფორმალური განათლება აღიარებული — ნამდვილად გამოიყენეს თუ არა შეფასების ეროვნული სტანდარტი აღიარებისას.
ვფიქრობ, არაფორმალური განათლების აღიარების გამჭვირვალე მექანიზმების დანერგვა სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან იგი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს დასაქმების მხრივ, მით უმეტეს, რომ აქ ახალი არაფერია, ეს მიდგომა მთელ მსოფლიოშია მიღებული.
— არსებობს თუ არა პრიორიტეტული პროგრამები და აფინანსებს თუ არა მათ სახელმწიფო?
— რაც შეეხება პრიორიტეტულ პროგრამებს დაფინანსების კუთხით, ჩვენ ამჟამად ასეთი არ გვაქვს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება ყველა სტუდენტი, ნებისმიერ პროგრამაზე, ვინც ერთიანი პროფესიული ტესტირების შედეგების საფუძველზე ჩაირიცხება სახელმწიფოს მონაწილეობით დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
— ითვალისწინებთ თუ არა შრომის ბაზრის მოთხოვნებსაც?
— რა თქმა უნდა, სახელმწიფო რესურსი, პირველ რიგში, სწორედ შრომის ბაზრის მოთხოვნის გათვალისწინებით უნდა დაიხარჯოს. რამდენიმე კვირის წინ მივიღეთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული შრომის ბაზრის კვლევის შედეგები, რაოდენობრივი და ხარისხობრივი. კვლევის მიზანია გამოიკვეთოს პრიორიტეტული, მოთხოვნადი პროფესიები და თუ აღმოჩნდება, რომ მათ შორის არის ისეთი პროფესია, რომლის სტანდარტიც არ არსებობს, ჩვენმა სამსახურმა მისი შექმნა უნდა უზრუნველყოს.
— რამდენი და რა ტიპის პროფესიული სასწავლებელი ფუნქციონირებს საქართველოში? ხომ არ იგეგმება ქსელის გაფართოება?
— დღევანდელი კანონმდებლობით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლება აქვს ყველა ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულებას — ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებს. შესაბამისად, დღეს სისტემაში გვაქვს 14 კერძო სკოლა, რომელიც სასკოლო პროგრამის პარალელურად მოსწავლეებს სთავაზობს პროფესიულ პროგრამებს; 92 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, მათ შორის 20 სახელმწიფო ან სახელმწიფოს მონაწილეობით დაფუძნებული და 26 საჯარო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლებიც პროფესიული პროგრამების საკმაოდ ფართო სპექტრს სთავაზობენ საზოგადოებას.
რაც შეეხება ქსელის გაფართოებას, ეს აუცილებელია, რომ პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა უფრო მაღალი იყოს, თუმცა პროფესიული სასწავლებელი თითქმის ყველა რეგიონში ფუნქციონირებს, ზოგან — ფილიალებით. ქსელის გაფართოებაზე კვლავაც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.
— რას ითვალისწინებს პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამა, ვინ ახორციელებს და რამდენად ეფექტურია დარგობრივი საბჭოების მუშაობა?
— პროგრამა ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ფარგლებში ფუნქციონირებს და რეფორმის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი ბირთვია, ისეთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან მჭიდრო კოორდინაციით, როგორებიცაა: მასწავლებლის პროფესიული განათლების ეროვნული ცენტრი, სადაც ფუნქციონირებს პროფესიული განათლების მასწავლებელთა განვითარების სახელმწიფო პროგრამა, ინფრასტრუქტურის სააგენტო (მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის ნაწილში) და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.
ეს მრავალკომპონენტიანი პროგრამაა, რომელიც მოდულური პროგრამების შემუშავებისა და დანერგვის მთელ ციკლს მოიცავს — დაწყებული პროფესიული სტანდარტების შემუშავებით დაკუ მეთოდოლოგიითა და დამსაქმებლის ჩართულობით, ეროვნული საგანმანათლებლო სტანდარტის შემუშავებით, საგანმანათლებლო რესურსების შექმნით, საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის იდენტიფიკაციით და დამთავრებული შეფასების სტანდარტების შექმნითა (ფორმალური და არაფორმალური განათლებისთვის) და დანერგვის კომპონენტით.
რაც შეეხება დარგობრივ საბჭოებს. ეს არის დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორის მიხედვით შექმნილი თერთმეტი საბჭო. თითოეულ საბჭოში 9 წევრია სოციალური პარტნიორობის პრინციპით შერჩეული: 3 — საგანმანათლებლო სფეროდან, 3 — დასაქმებულთა გაერთიანებიდან (საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები) და 3 — დამსაქმებელი, შესაბამისი ბიზნესებიდან. ყველანი თანაბარი უფლებებით სარგებლობენ. ჩვენი პროგრამა მხოლოდ ადმინისტრაციულ მხარდაჭერას უწევს საბჭოებს, სხვა მხრივ მთლიანად ავტონომიურია. მათი ძირითადი ფუნქციაა პროფესიული სტანდარტების და ჩარჩო დოკუმენტების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა, მონაწილეობა კვალიფიკაციების ფორმირებაში. ეს მხოლოდ დასაწყისია. მომავალში მათი ფუნქციების გაფართოება იგეგმება.
უნდა ვაღიარო, რომ თავიდან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, რადგან, ტრადიციულად, დამსაქმებელთა ჩართულობა ასეთ საკითხებში საკმაოდ დაბალი იყო, მაგრამ სამუშაო პროცესში სრულიად საწინააღმდეგო დავინახე, ძალიან სერიოზულად მუშაობენ, უნდათ რომ მათ მიერ რეკომენდებული დოკუმენტი — სტანდარტი თუ პროგრამა — მაქსიმალურად სრულყოფილი იყოს და მაქსიმალურად შეუწყოს ხელი დარგის განვითარებას. ამიტომ განსაკუთრებული სკრუპულოზურობით განიხილება თითოეული წინადადება. მახსოვს, ფარმაცევტის ასისტენტის პროფესიული სტანდარტის განხილვა ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. სამაგიეროდ, დოკუმენტების ხარისხი საკმაოდ მაღალია.
— როგორ მიმდინარეობს მოდულური პროგრამების დანერგვის პროცესი და რითია უპირატესი?
— მოდულურ პროგრამებს ბევრი უპირატესობა აქვს. მოდულის არსი მდგომარეობს პირისათვის დასრულებული კომპეტენციის მიცემაში, რომელიმე პროფესიის ფარგლებში. მაგალითისთვის ავიღოთ კულინარის პროფესია, რომელიც ბევრ თემას აერთიანებს თავის თავში, თეორიული ნაწილით დაწყებული პრაქტიკული უნარებით დამთავრებული. საგნობრივი პროგრამით სწავლებისას ასე იყო: სანამ მთლიან პროგრამას სრულად არ გაივლიდა სტუდენტი, არანაირი დასრულებული კომპეტენცია არც ერთ ნაწილში არ ჰქონდა. მოდულური სწავლება კი სთავაზობს აირჩიოს მრავალთაგან ერთი, მაგალითად, არა ზოგადად, კულინარია, არამედ ქართული სამზარეულო ან დესერტები, ან წვნიანი კერძები და ა.შ. თითოეული მოდული განიხილება, როგორც ცალკე სასერტიფიკაციო პროგრამა. ასეა სხვა ნებისმიერ პროფესიაშიც. პირს შეუძლია რომელიმე პროფესიიდან აირჩიოს მისთვის საინტერესო მოდული, შეისწავლოს და აიღოს სერტიფიკატი, რაც იმის დასტურია, რომ მას ამ საქმის კეთება შეუძლია, ანუ მთელი საკვალიფიკაციო პროგრამა შედგება მოდულებისგან და თითოეული მოდული ნიშნავს რაღაც დასრულებულ კომპეტენციას. ერთი მხრივ, ეს პროგრამის მოქნილობაზე მიუთითებს, ხოლო, მეორე მხრივ, შეფასების თვალსაზრისითაა უფრო ღირებული. ისიც ფაქტია, რომ რაც მეტ მოდულს გაივლის ადამიანი, მით მეტია მისი დასაქმების შანსი. ყველა მოდულის გავლა მიდის კვალიფიკაციამდე, ანუ დიპლომის აღებამდე, მაგრამ თუ პირს დიპლომი არ აინტერესებს, ირჩევს მოდულს. ხშირია შემთხვევა, როცა დამსაქმებელს კვალიფიკაცია კი არა კონკრეტული უნარის მქონე სპეციალისტი აინტერესებს. მოდულის გავლის შემდეგ პირი იღებს სახელმწიფო სერტიფიკატს — ეს არ არის დიპლომი, მაგრამ იმის დამადასტურებელია, რომ მას ეს კონკრეტული უნარები დადასტურებული აქვს.
სიახლეა ისიც, რომ მსურველებს არჩევით მოდულებს ვთავაზობთ, რაც ზრდის დასაქმების შანსს. თუ ადამიანი თაბაშირ-მუყაოს სპეციალისტია, ვალდებული არაა შედუღების აპარატის გამოყენება იცოდეს, მაგრამ შეუძლია, არჩევითი მოდულის სახით, დამატებით შეისწავლოს შედუღება და საჭიროების შემთხვევაში აღარ დასჭირდება სპეციალისტის მოწვევა, ამას თავადაც შეძლებს.
მიმდინარე სასწავლო წელს 27 საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაიწყო მოდულური პროგრამებით სწავლების დანერგვა; ეს სასწავლებლები ჩვენ არ შეგვირჩევია, უბრალოდ, მივმართეთ ყველას, ავუხსენით, რომ მიმდინარეობს რეფორმა ამ კუთხით და მსურველებს შეუძლიათ ჩაერთონ. დაინტერესება დიდი იყო, 36-მა სასწავლებელმა გამოთქვა სურვილი, როგორც საჯარო, ისე კერძომ, მაგრამ პროგრამის განხორციელებაზე თანხმობა, შესაბამისი ავტორიზაციის საბჭოების გადაწყვეტილებით, 27-მა მიიღო, ისინი თითქმის ქვეყნის ყველა რეგიონში არიან განთავსებულნი.
— რა მდგომარეობაა საგანმანათლებლო რესურსების მხრივ — სახელმძღვანელოები (ნათარგმნია თუ ქართველი ავტორების), ტექნიკური აღჭურვილობა, თვალსაჩინოება...
— მოდულური პროგრამები საკმაოდ ძვირადღირებული პროგრამებია. თუ სასწავლებელს სათანადო რესურსი არ გააჩნია (ადრინდელისგან განსხვავებით, როცა სასწავლებელი არსებული რესურსიდან გამომდინარე თავად ქმნიდა პროგრამას), მოდულური პროგრამის განხორციელების უფლებას ვერ მიიღებს. ყველა სასწავლებელი ადასტურებს, რომ რეფორმის ერთ-ერთი პოზიტივი სწორედ მათი ხელახალი აღჭურვა იყო, რაშიც სახელმწიფო ბიუჯეტთან ერთად, დიდია დონორების წვლილი, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის პროფილის სასწავლებლებში, სადაც გაეროს განვითარების პროგრამაა დონორი. წლევანდელი წელი უპრეცედენტო იყო ამ თვალსაზრისით — ავეჯი, კომპიუტერები, ჩარხები, დანადგარები... აი, ასეთ განახლებულ, თანამედროვე სტანდარტებისა და ტექნოლოგიური აღჭურვილობის გარემოში დაიწყეს ჩვენმა სტუდენტებმა სწავლა; სოლიდური თანხებია გამოყოფილი სასწავლო პროცესში საჭირო მასალების შეძენისთვისაც.
რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, პროფესიული სტუდენტები არასოდეს ყოფილან განებივრებული მათთვის სპეციალურად შექმნილი წიგნებით და არც სხვა საგანმანათლებლო რესურსებით. ამ მხრივაც შეიცვალა ვითარება. ყველა იმ 45 პროგრამაში, რომელთა განხორციელებაც წელს დაიწყო, გვაქვს ახალი სახელმძღვანელო. ავტორები არიან ადამიანები, რომლებმაც სტანდარტებზე იმუშავეს, პროგრამები და მოდულები შექმნეს — ერთი სიტყვით, თავიანთი საქმის ნამდვილი პროფესიონალები. ჩემი აზრით, ეს არის ბრწყინვალედ შესრულებული ნამუშევრები, პროფესიულ სტუდენტზე მორგებული და არ იჭრება აკადემიურ სფეროში, აძლევს ცოდნას იმ ნაწილში, რაც კეთებისთვის სჭირდება ადამიანს და არის უხვად ილუსტრირებული, იმიტომ რომ, პროფესიული განათლება კეთების სწავლაა. ისინი ელექტრონულ ფორმატში, თავისუფალი წვდომის რეჟიმშია განთავსებული ვებგვერდზე:
www.vet.ge რუბრიკაში — საგანმანათლებლო რესურსები. დაინტერესებულ პირებს აქვე შეუძლიათ ნახონ ყველა ის ახალი სტანდარტი, პროგრამა და მოდული, რომელიც უკვე დამტკიცდა და რომელთა განხორციელებაც დაიწყო.
გარდა სტუდენტებისა, პედაგოგებისთვისაც შეიქმნა გზამკვლევები. პრობლემური თემაა და ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებისათვის. მათ პროფესიულ განვითარებაზე მასწავლებლის სახლი ზრუნავს. ვფიქრობ, დიდი ეფექტის მომტანი იქნება პრაქტიკოსი ადამიანების მოწვევა პედაგოგებად — მოქმედი მღებავის, მშენებლის, მზარეულის და ა.შ. აგრეთვე, ახალი კადრების მოზიდვაც პროფესიულ განათლებაში მასწავლებლებად. ეს თემა კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს.
თვალსაჩინოების მხრივ შეფერხება არ უნდა ჰქონდეთ სასწავლებლებს, რადგან მათ თავიდანვე იციან, რა სახის თვალსაჩინოება სჭირდებათ ამა თუ იმ მოდულის განხორციელებისას, მოდულს ახლავს ეს ჩამონათვალი.
ახლა მთავარია მოდულური პროგრამების დანერგვაზე დაკვირვება და სასწავლებლების კონსულტირება, რომ სწორად წარიმართოს პროცესი. ჩვენი თანამშრომლები იყვნენ უკვე სასწავლებლებში, წლის ბოლომდე გაგრძელდება მონიტორინგი და კონსულტირება. შემდეგ უკვე პირველ შედეგებზეც შეგვეძლება საუბარი.