18 დეკემბერს სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალი ელექტრონული მომსახურების პრეზენტაცია გამართა. ელექტრონული პორტალი განკუთვნილია საგანმანათლებლო ინფორმცაიის მართვისა და ციფრული ჩანაწერების სისტემის შესაქმნელად.
ახალი ელექტრონული სერვისი გაამარტივებს საგანმანათლებლო ინფორმაციის მართვას და ერთ ელექტრონულ სივრცეში მოუყრის თავს საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ ციფრულ ჩანაწერებს. სერვისი განკუთვნილია, როგორც დაწესებულებებისთვის, ასევე მოქალაქეებისათვის. სერვისით ისარგებლებს საქართველოს 73 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, 92 პროფესიული სასწავლებელი და 2334 სკოლა.
საინფორმაციო პორტალი შეიქმნა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მისი სსიპ-ების, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მეშვეობით. ინიციატივის მხარდამჭერები არიან გაეროს განვითარების პროგრამა და შვედეთის მთავრობა.
საგანმანათლებლო ინფორმაციის მართვის პორტალი სრულყოფილად 2016 წელს ამოქმედდება, მას შემდეგ, რაც დასრულდება საგანმანათლებლო სისტემის თანამშრომლების გადამზადება და არსებული საგანმანათლებლო ჩანაწერების ციფრულ ფორმატში გადაყვანას.