FAQ

შეხვედრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტებთან

4 მარტი 2017

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და სტუდენტზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობს მუშაობა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების სისტემურ ცვლილებებზე. ამასთან, ცვლილებების მიზანია საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ჰარმონიზაცია ევროპულ სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან (ESG 2015).

ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შეფასების პროცესის თვისებრივი გაუმჯობესება. 

აღსანიშნავია,რომ შეფასების პროცესში, უმაღლესი განათლების სფეროს ექსპერტებთან ერთად პირველად ჩაერთვებიან დამსაქმებლები და სტუდენტები. უმაღლესი განათლების სფეროში ფართო სპექტრის გამოცდილების მქონე და მაღალკვალიფიციური ექსპერტების შესარჩევად ცენტრი აცხადებს ექსპერტთა შესარჩევ კონკურსს, რომლის საფუძველზეც მოხდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის ფორმირება. აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მრავალმხრივ, გამჭვირვალე და სრულფასოვან შეფასებას.

შეფასების პროცესის გაუმჯობესების მიზნით ცენტრი თანამშრომლობს მსოფლიო ბანკთან. თანამშრომლობის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის საერთაშორისო კონსულტანტის ჩართულობით მომზადდება შეფასების მეთოდოლოგიის სახელმძღვანელო განახლებული სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად. ამასთან, კონკურსის საფუძველზე შერჩეული ექსპერტები გაივლიან შესაბამის მომზადებას.

შეხვედრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტებთან