FAQ

ბოლონიის პროცესის სამუშაო ჯგუფის - „ძირითადი შეთანხმებული ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობა“ - პირველი შეხვედრა გაიმართა

4 თებერვალი 2016


ბოლონიის პროცესის სამუშაო ჯგუფის - „ძირითადი შეთანხმებული ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობა“ - პირველი შეხვედრა ბელგიის, ავსტრიის, პოლონეთისა და საქართველოს თანათავმჯდომარეობით 27 იანვარს ბელგიის ქალაქ ბრიუსელში გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ბოლონიის პროცესის წევრი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრაზე განიხილეს სტრუქტურული სამუშაო ჯგუფის მიერ წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობით შემუშავებული ბოლონიის პროცესის განხორციელების 2015 წლის ანგარიში. განხილვის მიზანი იყო იმ საკითხთა იდენტიფიცირება, რომლებიც წევრი ქვეყნებისათვის გამოწვევას წარმოადგენენ.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ამ პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობას. სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ სასურველია სახელმძღვანელო პრინციპების მომზადება დაინტერესებული მხარეების ჩართულობის შესახებ, რაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს როგორც ადმინისტრატორების, ასევე აკადემიური პერსონალის დონეზე.

სამუშაო შეხვედრის დღის მეორე ნახევარი დაეთმო სადისკუსიო სესიებს შემდეგი საკითხების შესახებ: (1) აღიარება, სოციალური განზომილება, სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე და მობილობა; (2) კვალიფიკაციების ჩარჩო, ხარისხის უზრუნველყოფა, სწავლის შედეგები, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება. სესიებს ხელმძღვანელობდნენ თანათავმჯდომარეები.

ბოლონიის პროცესის სამუშაო ჯგუფის - „ძირითადი შეთანხმებული ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობა“ - პირველი შეხვედრა გაიმართა