FAQ

შეხვედრა საგანმანათლებლო რესურსების ავტორებთან

11 თებერვალი 2016

10 თებერვალს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის წარმომადგენლებმა საგანმანათლებლო რესურსების განვითარების კომპონენტში ჩართულ სპეციალისტებთან შეხვედრა გამართეს. პროგრამის მენეჯერმა, ბატონმა კახაბერ ერაძემ 2015 წელს კომპონენტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა მოკლედ შეაჯამა და ისაუბრა მოდულური პროფესიული პროგრამების სტრუქტურასა და შინაარსს მისადაგებული საგანმანათლებლო რესურსების შემუშავების მნიშვნელობაზე პროფესიული განათლების სფეროს განვითარებისათვის. მან მოკლედ აღნიშნა, აგრეთვე, პროგრამის და საგანმანათლებლო რესურსების განვითარების კომპონენტის სამომავლო ტენდენციებისა და პრიორიტეტების თაობაზეც. კომპონენტის სპეციალისტმა, ქალბატონმა ეკატერინე ნაცვლიშვილმა  საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია პროგრამის 2015 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესახებ, რომელთა განხორციელების შედეგად  შეიქმნა სტუდენტის 50 სახელმძღვანელო და მასწავლებლის 5 გზამკვლევი. „სასტუმრო საქმის საფუძვლების“ სახელმძღვანელოს ავტორმა, ბატონმა კონსტანტინე აბულაძემ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 2015 წლის 22 ოქტომბერს გრენობლის უნივერსიტეტისა და ტემპუსის პროგრამის კოორდინატორების ინიციატივით საბარძნეთში, კრეტას კუნძულზე (ქალაქი ხანია) გაიმართა „სასტუმროს საქმის საფუძვლების“ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ საფრანგეთის, ესპანეთის, პორტუგალიის, საბეძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას საუნივერსიტეტო წრეების წარმომადგენლები.

სასიხარულოა, რომ პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შექმნილმა სტუდენტის სახელმძღვანელომ ასეთი ფართო აუდიტორიის მოწონება დაიმსახურა და დღეს უკვე ერთ-ერთ წარმატებით გამოყენებად სახელმძღვანელოდაა მიჩნეული სასტუმრო ინდუსტრიის დარგის სპეციალისტების მომზადების სფეროში როგორც ქართულ, ისე უცხოურ  საგანმანათლებლო დაწესებულებებში. 

შეხვედრის დასასრულს პროგრამის მენეჯერმა, ბატონმა კახაბერ ერაძემ სერტიფიკატებით დააჯილდოვა ის ავტორები, რომლებმაც პროგრამის ფარგლებში საგანმანათლებლო რესურსები შექმნეს.   

შეხვედრა საგანმანათლებლო რესურსების ავტორებთან