20 ივლისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ხელი მოეწერა სტანდარტული შეთანხმების წერილს რომლის მიზანია, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის გრანტის გადაცემა, სოფლის მეურნეობაში პროფესიული კვალიფიკაციების განვითარების ხელშეწყობის მიზნით აქტივობათა განხორციელებისათვის. პროგრამა მზადყოფნას გამოხატავს დაფინანსება გამოუყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ექვსკომპონენტიანი პროექტის განხორციელებისათვის, რომლის მთავარი ნაწილია სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პილოტირების ხელშეწყობა.
საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების- განათლების რეფორმის უმნიშვნელოვანესი ნაწილია პროფესიული განათლების რეფორმა, რომელიც პროფესიული განათლების ახალი მოდელის, კერძო და საჯარო პარტნიორობის პრინციპზე დაყრდნობით სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დანერგვას გულისხმობს.
პროექტი სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებსაც მოიცავს, როგორიცაა: ზოგადი განათლების კომპონენტების ინტეგრირება პროფესიულ განათლებაში, პროფესიული ორიენტაციისა და მომზადების მოკლევადიანი კურსების შექმნა სკოლის მოსწავლეებისა და ზოგადი განათლების მიღმა დარჩენილი პირებისათვის, ახალი პროფესიული სტანდარტების, პროგრამების და საგანმანათლებლო რესურსების მომზადება სოფლის მეურნეობის მიმართულებით და არაფორმალური განათლების აღიარების პრაქტიკის დანერგვა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ გამოყოფილი დაფინანსება შეადგენს 353680 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარებში. პროექტი ორი წლის მანძილზე განხორცილდება.