FAQ

ცვლილება დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაციის სერვისში

8 აგვისტო 2016


სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მუდმივად ზრუნავს მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესებაზე და, შესაბამისად, ცენტრის მხრიდან მოქალაქეებზე გასაწევი სერვისებისა და  პროცედურების გამარტივებაზე. ამ მიზნით, ცენტრში პერიოდულად ხორციელდება ორგანიზაციული განვითარების მთელი რიგი  ღონისძიებები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან კოორდინაციით.

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ შეიმუშავეს ახალი პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს გაწეული მომსახურების ხარისხს და გააფართოებს მის გეოგრაფიულ არეალს.

ამჯერად ცვლილება ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაციის სერვისს.

2016 წლის 10 აგვისტოს შემდეგ საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაციის უფლებამოსილება გადაეცემა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, რაც დაინტერესებულ პირს მისცემს შესაძლებლობას, საქართველოს მასშტაბით იუსტიციის 17 სახლსა და 14 ტერიტორიულ სამსახურში მიიღოს აპოსტილთან / ლეგალიზაციასთან დაკავშირებული მომსახურება.

აპოსტილით დამოწმებას / ლეგალიზაციას ექვემდებარება შემდეგი დოკუმენტები:

  •  ცნობა (სწავლის, შეფასებების, მუშაობის შესახებ და ა.შ.);
  •  ატესტატი (სრული/საბაზო)/არასრული საშუალო განათლების მოწმობა;
  •  ნიშნების ფურცელი;
  •  სახელობო განათლების სერტიფიკატი;
  •  დიპლომი (უმაღლესი/პროფესიული);
  •  დიპლომის დანართი.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე (+995 32) 2 200 220 (*3599).