FAQ

ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თვითსერტიფიცირება და რეფერენსირება

 

 

 

ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირება და თვითსერტიფიცირება 
 

 


 
ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ერთ-ერთი მიზანია საერთაშორისო დონეზე კვალიფიკაციების თავსებადობისა და  გამჭვირვალობის  უზრუნველყოფა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, არსებითად მნიშვნელოვანია მისი დაკავშირება ევროპულ კვალიფიკაციების ჩარჩოებთან რისთვისაც აუცილებელია, საქართველომ გაიაროს ორი მნიშვნელოვანი პროცესი:  
რეფერენსირება (ეროვნული ჩარჩოს შესაბამისობის დადგენა ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან   (EQF LLL)) და თვითსერტიფიცირება (ეროვნული ჩარჩოს შესაბამისობის დადგენა ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩოსთან (QF-EHEA)). 
საგულისხმოა რომ, ევროპულ კვალიფიკაციების ჩარჩოსთან რეფერენსირების პროცესში ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თვითსერტიფიცირებისა და რეფერენსირების პროცესის განხორციელების მიზნით ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებულმა სამუშაო ჯგუფმა დაინტერესებულ მხარეებთან თანაშრომლობითა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით უნდა შეიმუშავონ რეფერენსირების ანაგარიში, რომელიც  წარედგინება ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოს საკონსულტაციო  ჯგუფს. ანგარიშში საქართველოს განათლების სისტემის თითოეული საფეხური გაანალიზებული იქნება ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს რეკომენდაციების შემდეგი 10 კრიტერიუმის შესაბამისად: 

•    კრიტერიუმი N1: ეროვნულ დონეზე რეფერენსირების პროცესში ჩართული ეროვნული უწყებების ფუნქციები ან/და კომპეტენციები მკაფიოდ განსაზღვრულია და გასაჯაროებულია; 
•    კრიტერიუმი N2: არსებობს მკაფიო და თვალსაჩინო კავშირი ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩოს ან სისტემის დონეებსა და ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოს დონეების აღმწერებს შორის; 
•    კრიტერიუმი N3: ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო ან სისტემა და მისი კვალიფიკაციები ეფუძნება სწავლის შედეგების პრინციპსა და მიზანს და უკავშირდება არაფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების შესაძლებლობებს და კრედიტების სისტემას; 
•    კრიტერიუმი N4: პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს კვალიფიკაციების ასახვას ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოში ან აღწერს კვალიფიკაციების ადგილს ეროვნული კვალიფიკაციების სისტემაში, გამჭვირვალეა; 
•    კრიტერიუმი N5: განათლების ეროვნული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა(ები) უკავშირდება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოებს ან სისტემებს და შესაბამისობაშია ხარისხის უზრუნველყოფის პრინციპებთან, როგორც აღწერილია რეკომენდაციის მე-4 დანართში; 
•    კრიტერიუმი N6: რეფერენსირების პროცესი უნდა მოიცავდეს ხარისხის უზრუნველმყოფი შესაბამისი ორგანოების თანხმობას, რომლის თანახმადაც, ანგარიში რეფერენსირების შესახებ შესაბამისობაშია ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნულ მექანიზმებთან, ნორმებსა და პრაქტიკასთან; 
•    კრიტერიუმი N7: რეფერენსირების პროცესში უნდა მონაწილეობდნენ საერთაშორისო ექსპერტები, ხოლო რეფერენსირების შესახებ ანგარიშები უნდა მოიცავდეს სულ მცირე ორი ქვეყნის წარმომადგენელი ორი საერთაშორისო ექსპერტის წერილობით დასკვნას/განაცხადს რეფერენსირების პროცესის თაობაზე; 
•    კრიტერიუმი N8: პასუხისმგებელმა ინსტიტუციამ/ინსტიტუციებმა უნდა დაამტკიცონ ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირება ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან. რეფერენსირების კომპლექსური ანგარიში უნდა ასახავდეს შეფასებას თითოეულ კრიტერიუმთან მიმართებაში და გამყარებული იყოს არგუმენტებით. ანგარიში უნდა გამოქვეყნდეს პასუხისმგებელი ინსტიტუცია/ინსტიტუციების მიერ, მათ შორის ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოს ეროვნული საკონტაქტო ორგანოს მიერ. იგივე ანგარიში შეიძლება გმაოყენებულ იქნას ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩოს თვითსერტიფიცირების პროცესისთვის, თვითსერტიფიცირების კრიტერიუმების შესაბამისად; 
•    კრიტერიუმი N9: რეფერენსირების განხორციელებიდან ან რეფერენსირების განახლებიდან 6 თვის ვადაში წევრმა სახელმწიფოებმა და სხვა მონაწილე ქვეყნებმა უნდა გამოაქვეყნონ რეფერენსირების ანგარიში და შესაბამის ევროპულ პორტალზე განათავსონ ინფორმაცია შედარების მიზნებისათვის; 
•    კრიტერიუმი N10: რეფერენსირების პროცესის დასრულების შემდეგ, კვალიფიკაციებთან დაკავშირებით გაცემულ ახალ დოკუმენტებში, რომლებიც ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ან სისტემების შემადგენელი ნაწილია და გაცემულია კომპეტენტური ორგანოს მიერ (მაგ: სერტიფიკატები, დიპლომები, სერტიფიკატის დანართები, დიპლომის დანართები) ან/და უფლებამოსილი ორგანოების მიერ შექმნილ კვალიფიკაციების რეესტრში უნდა იყოს მკაფიო რეფერენსი ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოს შესაბამის დონესთან. 

 
თვითსერტიფიცირების პროცესი გულისხმობს  უცხოელი ექსპერტების ჩართულობით, ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ევროპული სივრცის უმაღლესი განათლების ჩარჩოსთან შესაბამისობის დადგენას შესაბამისი ანგარიშის შემუშავებისა და პროცედურების გავლის გზით, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაშიც ინფორმაცია გამოქვეყნებდა ევროპულ საინფორმაციო პორტალზე და ეროვნული აკადემიური აღიარების საინფორმაციო ქსელი (ENIC-NARIC Network) იმ სახელმწიფოთა ჩამონათვალში დაამატებს საქართველოს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს თვითსერტიფიცირების პროცესი,  რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს  აღნიშნული კვალიფიკაციების ევროპული განათლების სივრცეში აღიარებას.