აღიარებას ექვემდებარება ოკუპირებულ ტერიტორიაზე 1990 წლიდან მიღებული განათლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც 1990 წლიდან უმაღლესი განათლება მიღებულია სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქციის მოქმედების პერიოდში.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) ქართულ ან აფხაზურ ენაზე შედგენილი განცხადება (განცხადების ფორმა); (განცხადების ფორმა აფხაზური). აფხაზურ ენაზე შედგენილი განცხადების ქართულ ენაზე თარგმანს უზრუნველყოფს ცენტრი;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – დოკუმენტი, რომელიც იძლევა პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას;
გ) ინფორმაცია, რომელიც შეიცავს მონაცემებს იმის თაობაზე, რომ დაინტერესებულმა პირმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაასრულა უმაღლესი განათლების მიღება ან იღებს უმაღლეს განათლებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) შესაძლებლობის შემთხვევაში, მონაცემები იმ მოწმეთა შესახებ, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას დაინტერესებული პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმაღლესი განათლების მიღების თაობაზე;
ე) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც შეიცავს მონაცემებს დაინტერესებული პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმაღლესი განათლების მიღების თაობაზე.
ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დასკვნა საგანმანათლებლო პროგრამასთან დაინტერესებული პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების შესაბამისობის შესახებ.
დაინტერესებული პირის თანხმობით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია ცენტრში შეიძლება წარმოდგენილ იქნეს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით, რომელსაც ამ მიზნისთვის სათანადო უფლებამოსილებას ანიჭებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება ხდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადაში.
უმაღლესი განათლების მიღების დადასტურების შემთხვევაში ცენტრი განიხილავს საგანმანათლებლო პროგრამასთან დაინტერესებული პირის მიერ ოკუპირებულ
ტერიტორიაზე მიღებული განათლების თავსებადობის შესახებ დასკვნის შესაბამისობას ამ წესის მოთხოვნებთან. ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, გამოცდის ჩატარების გზით, ადგენს დაინტერესებული პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების შესაბამისობას მის მიერ შეთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან და გასცემს დასკვნას გავლილი საგნების ცნობის, მიღებული შეფასებებისა და კრედიტებით გაანგარიშების შესახებ. თუ არ არსებობს წერილობითი მონაცემი დაინტერესებული პირის მიერ გავლილი საგნებისა და მიღებული შეფასებების შესახებ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ატარებს გამოცდას დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ საგნებში, ახდენს მის შეფასებასა და კრედიტების მინიჭებას. გამოცდის ჩატარების შესახებ ასევე წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებული ცენტრი.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შემდეგ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს სწავლა განაგრძოს საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე.
ცენტრი არ ახდენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარებას. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარებას, მათი სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით, ახდენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია.