FAQ

პროცედურები

საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცედურები

ავტორიზაციის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:


ა) საავტორიზაციო განაცხადის წარდგენა;

საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით ცენტრში წარდგენილ
საავტორიზაციო განაცხადს უნდა დაერთოს:
1) სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების შევსებული ფორმა და მასზე დასართავი
დოკუმენტაცია;

2) ავტორიზაციის განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ცენტრში წარმოსადგენი დოკუმენტაცია შესაძლებელია წარდგენილი იყოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით ან მატერიალური სახით, რა დროსაც თვითშეფასების შევსებულ ფორმაზე დასართავი დოკუმენტაცია ცენტრს წარედგინება ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის მეშვეობით.

ბ) საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლად ცნობა;

1) ცენტრი 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს საავტორიზაციო განაცხადზე თანდართულ
დოკუმენტაციას;
2)ცენტრი განმცხადებელს განუსაზღვრავს არანაკლებ 5 და არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად.
3) ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლად ცნობის შესახებ, ხოლო ამავე ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ.
4) ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი დაწესებულების საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლად ცნობის შესახებ გამოიცემა განაცხადის წარმოდგენიდან ან ხარვეზის გამოსწორებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღის ვადაში.
5) თუ საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი მაძიებლად ცნობის შესახებ
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 15 კალენდარული
დღის ვადაში არ გადაიხდის ავტორიზაციის საფასურს, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.

გ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა;

1) ავტორიზაციის საფასურის გადახდიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში ცენტრი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის გათვალისწინებით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელ დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ.
2) იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის საავტორიზაციო განაცხადში მითითებულია რეგულირებადი სამედიცინო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, ექსპერტთა ჯგუფში თანათავმჯდომარის სტატუსით შედის შესაბამისი დარგობრივი კომპეტენციის მქონე საერთაშორისო ექსპერტი.
3) იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელს სურს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელ დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ ბრძანებით ცალ-ცალკე იქმნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი.
4) იმ შემთხვევაში, თუ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას სურს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი შედგება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტ(ებ)ისაგან, ამასთან ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფში შედის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტიც.
5) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს ხელმძღვანელობს ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე.
6) ავტორიზაციის ექსპერტი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება, თუ მას აქვს ინტერესთა
კონფლიქტი ავტორიზაციის მაძიებელ იმ დაწესებულებასთან, რომელშიც უნდა
განახორციელოს ვიზიტი.
7) ავტორიზაციის მაძიებელი დაწესებულება უფლებამოსილია, ცენტრში წარადგინოს ავტორიზაციის ექსპერტის / ექსპერტების აცილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
8) დაწესებულება ვალდებულია დაასაბუთოს ავტორიზაციის ექსპერტის / ექსპერტების აცილება. აცილების საფუძველი შეიძლება გახდეს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის ან / და წევრის ინტერესთა კონფლიქტი.
9) ცენტრი აცილების განცხადებას განიხილავს 3 სამუშაო დღის ვადაში. აცილების განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობის
ცვლილების შესახებ.
10)ავტორიზაციის ექსპერტის / ექსპერტების აცილების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი იმავე შემადგენლობით აგრძელებს საქმიანობას.
11) ვიზიტის ხანგრძლივობა და ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრთა რაოდენობა
განისაზღვრება ცენტრის მიერ გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესის შესაბამისად.
12) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობის კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ეფექტიანად წარმართვისა და შეფასების ერთიანი მიდგომის დაცვის მიზნით, ცენტრი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტზე მიავლენს ცენტრის თანამშრომელს. 

დ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ ავტორიზაციის თვითშეფასების ფორმისა და მასზე
თანდართული დოკუმენტაციის წინასწარი შესწავლა და ვიზიტის დღის წესრიგის შემუშავება;

1) ცენტრი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრებს უგზავნის შესასწავლად დოკუმენტაციას.

2) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე თვითშეფასების შევსებული ფორმისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლისა და ავტორიზაციის სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, უზრუნველყოფს ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობების განაწილებას ექსპერტთა ჯგუფის წევრების კომპეტენციის გათვალისწინებით.
3) საავტორიზაციო ვიზიტის განხორციელებამდე ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი შეისწავლის თვითშეფასების შევსებულ ფორმასა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას, რომლის საფუძველზეც შეიმუშავებს ვიზიტის დღის წესრიგს და წინასწარ ათანხმებს მას ცენტრთან. ცენტრი ვიზიტის დღის წესრიგის შეთანხმების პროცესში ითვალისწინებს დაწესებულების არგუმენტირებულ მოსაზრებებს.
4) ცენტრი უგზავნის დაწესებულებას დღის წესრიგის საბოლოო ვერსიას.


ე ) საავტორიზაციო ვიზიტის განხორციელება;


1) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე ვიზიტის დროს უზრუნველყოფს
ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობების განაწილებას .
2) ავტორიზაციის ექსპერტი წინასწარ შეთანხმებული დღის წესრიგის მიხედვით
ვალდებულია საავტორიზაციო ვიზიტის ფარგლებში შეისწავლოს ყველა საკითხი დასკვნის შესადგენად, მათ შორის, ჩაატაროს დაინტერესებულ
პირებთან ინტერვიუირება, საჭიროების შემთხვევაში, გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, მოახდინოს ვიზუალური დათვალიერება და საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს დღის წესრიგით გაუთვალისწინებელი აქტივობები.

3) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფისათვის დაწესებულების მიერ მათი საქმიანობის
განხორციელებაში ხელის შეშლის, ამ მუხლის მე 4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის
გასვლის შემდგომ საავტორიზაციო განაცხადსა და / ან მასზე თანდართულ დოკუმენტებში
ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია, გამოსცეს
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.

ვ ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის შედგენა და ცენტრში წარდგენა;

1) თვითშეფასების შევსებული ფორმისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლისა და საავტორიზაციო ვიზიტის შედეგად დგება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინება ცენტრს.
2) ცენტრი ადგენს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას, რომლის დადგენის შემთხვევაში, დასკვნის პროექტი ეგზავნება დაწესებულებას.


ზ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე დაწესებულების არგუმენტირებული პოზი-ციის ცენტრში წარდგენა დასკვნის პროექტში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით;


1) საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს და ავტორიზაციის შესაბამის საბჭოს.


თ)ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ დასკვნის საბოლოო სახით ჩამოყალიბება და ცენტრში წარდგენა;

ი ) საავტორიზაციო განაცხადის, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნისა და ექსპერტთა
ჯგუფის დასკვნის პროექტზე დაწესებულების მიერ ცენტრისთვის წარდგენილი არგუმენტირებული პოზიციის შესაბამისი ავტორიზაციის საბჭოს წევრებისთვის გაგზავნა;

კ) ავტორიზაციის საკითხზე ზეპირი მოსმენის გამართვა და შესაბამისი ავტორიზაციის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება;

საბჭო იღებს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას:

1) უსდ-ს ენიჭება ავტორიზაცია;
2) უსდ-ს ენიჭება ავტორიზაცია მინიტორინგის შუამდგომლობით ერთი წლის გასვლის შემდეგ;
3) უსდ-ს ენიჭება ავტორიზაცია სავალდებულო მონიტორინგის შუამდგომლობით 2-3 წლის გასვლის შემდეგ;
4) უსდ-ს ენიჭება ავტორიზაცია სტუდენტთა მიღების შეზღუდვით, იმ დრომდე, სანამ ექსპერტები დადებით რეკომენდაციას არ შეიმუშავებენ სტუდენტების დამატებასთან დაკავშირებით;
5) უსდ-ს არ ენიჭება ავტორიზაცია.



გადაწყვეტილება მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე.
გადაწყვეტილების გამოქვეყნებასთან ერთად ცენტრის ვებგვერდზე ქვეყნდება ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა.