FAQ

ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაცია (EUA)

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) აფილირებული სტატუსის მქონე ორგანიზაციაა.

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ორგანიზაცია, რომელიც ევროპის უნივერსიტეტებსა და განათლების სფეროში არსებულ ორგანიზაციებს აერთიანებს. ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციას 47 ქვეყანაში 850-მდე წევრი ჰყავს. ორგანიზაცია ბრიუსელშია დაფუძნებული და უზრუნველყოფს ევროპის უმაღლესი განათლების პოლიტიკისა და პრაქტიკის შესწავლას ხარისხის უზრუნველყოფის, ინტერნაციონალიზაციის, მმართველობისა და დაფინანსების კუთხით, ასევე ახორციელებს ტრანსნაციონალური და ინსტიტუციური განვითარების პროექტებს.

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია წევრ ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ ერთიან ევროპულ პროექტებში და დაინტერესებულ მხარეებს საუკეთესო პრაქტიკის შესახებ გაუზიარონ გამოცდილება. ასოციაცია თანამშრომლობს ევროკომისიასა და ევროპარლამენტთან და წევრ ორგანიზაციებს შესაძლებელობას აძლევს მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის უმაღლესი განათლების სამომავლო პოლიტიკისა და ინიციატივების ფორმირებაში.

ევროპის უნივერსიტეტების  ასოციაციის წევრი 5 ქართული უნივერსიტეტია: (1) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, (2) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, (3) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი,  (4) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და (5) დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი.

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, როგორც ქვეყანაში არსებული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ერთადერთი ორგანოს  წევრობა აღნიშნულ ორგანიზაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ პლატფორმის გამოყენება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საშუალებას მისცემს მიიღოს უახლესი ინფორმაცია ევროპაში გავრცელებული საუკეთესო პრაქტიკის შესახებ, მონაწილეობა მიიღოს ევროპული უმაღლესი განათლების პოლიტიკის ფორმირებაში და ეროვნულ დონეზე უზრუნველყოს უმაღლესი განათლების პოლიტიკისა და პრაქტიკის საუკეთესო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.


ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციაში წევრობის უპირატესობები მოიცავს:

უნივერსიტეტების სახელით ევროპულ, ეროვნულ და რეგიონულ დონეებზე ევროპული პოლიტიკის ფარგლებში გადაწყვეტილებების მიღებაზე ზეგავლენას,
 მნიშვნელოვან ევროპულ დაინტერესებულ მხარეებთან კავშირების დამყარებას,
საერთაშორისო დონეზე ევროპულ უნივერსიტეტების ინტერესების წარმოჩენას.

ასოციაციის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://eua.eu/