19 ოქტომბერი, 2018
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრი, ხარისხის უზრუნველყოფის პირველი სააგენტოა ევროპაში, რომელმაც სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) აღიარება მოიპოვა.
2017 წელს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციასთან (WFME) აღიარების მოპოვების მიზნით დაიწყო მოლაპარაკება. 2018 წელს, ცენტრმა WFME-ის საერთაშორისო ექსპერტების შეფასება გაიარა, რომლებმაც დაადასტურეს რომ საქართველოში მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები, სამედიცინო პროგრამების დარგობრივი მახასიათებლები და პროცედურები შესაბამისობაშია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის ერთობლივ მოთხოვნებთან.
ცენტრის მიერ სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციისგან აღიარების მოპოვება, პირდაპირ უკავშირდება საქართველოში არსებული მედიცინის პროგრამების კურსდამთავრებულების მიერ მიღებული განათლების აღიარებას შეერთებულ შტატებში და მის ფარგლებს გარეთ, რაც მათ საშუალებას მისცემს დასაქმდნენ და სწავლა გააგრძელონ ნებისმიერ ქვეყანაში.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ფედერაციისგან მოპოვებული აკრედიტაციის განხორციელების უფლება ნიშნავს იმას, რომ ცენტრის მიერ როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ მოქმედი უნივერსიტეტებისთვის მინიჭებული აკრედიტაცია მთელ მსოფლიოში იქნება აღიარებული.