FAQ

სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის გაზრდა

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის გაზრდა შეუძლია როგორც ავტორიზაციის გზით, ასევე სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ ცენტრში წარმოდგენილი წერილობითი განაცხადით.

 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ ცენტრში წარმოდგენილი წერილობითი განაცხადის შემდეგ წარმოების ფარგლებში ხორციელდება ქვემოთ ჩამოთვლილი ეტაპები:
 

  • ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ.
  • განაცხადისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგიის – პროგრამების სპეციფიკისა და დაწესებულების რესურსების გათვალისწინებით, საავტორიზაციო ვიზიტის შედეგად დგება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინება ცენტრს.
  • ცენტრი ადგენს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას. საჭიროების შემთხვევაში, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი.
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს და ავტორიზაციის საბჭოს.
  • არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, მისი გაცნობის შემდგომ ან არგუმენტირებული პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს.
  • ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი უგზავნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.
  • სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის ან სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის თაობაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ცენტრში სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის თაობაზე წერილობითი განაცხადის წარდგენიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ.

 

სასურველია, სტუდენტების ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ ცენტრში განცხადების წარმოდგენამდე დაწესებულება გაეცნოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ 90-ე და 91-ე მუხლებს, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სახელმძღვანელოს.