ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ:
ა) დაინტერესებული პირი შესაბამისი მომსახურების შესახებ განცხადების რეგისტრაციამდე უარს აცხადებს მომსახურებაზე;
ბ) ადმინისტრაციული წარმოების შედეგად ვერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ცენტრის მიზეზით.
თუ დაინტერესებული პირი მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ მიიღებს მომსახურებას მის მიერ გადახდილი საფასურის შესაბამის ვადაში და სურვილი აქვს, ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს ნაკლებ საფასურს, მაშინ დაინტერესებულ პირს უბრუნდება სხვაობა ამ ორ საფასურს შორის. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, უარი თქვას მომსახურებაზე და მოითხოვოს გადახდილი საფასურის სრულად დაბრუნება, თუ შესაბამის ვადაში მომსახურება ვერ იქნა გაწეული ცენტრის მიზეზით.
თუ დაინტერესებულ პირს უარი ეთქვა ამ ბრძანებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევაზე წარმოდგენილ დოკუმენტში არსებული ხარვეზის ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენის გამო, ცენტრი ვალდებულია აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრის შემთხვევაში განახორციელოს მომსახურება უკვე გადახდილი საფასურის საფუძველზე. მომს ახურების გაწევაზე უარის თქმის შემთხვევაში, საფასურის დაბრუნების თაობაზე განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე, გადახდილი საფასური ექვემდებარება სრულად დაბრუნებას.
თუ მომსახურების გაწევისას ცენტრმა დაუშვა შეცდომა, კერძოდ, დოკუმენტები შედგენილი ან/და გაცემულ იქნა არასწორი მონაცემებით, დაინტერესებულ პირს ხელახლა გაეწევა მომსახურება დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი უარს განაცხადებს მომსახურების ხელახლა მიღებაზე, მას უბრუნდება გადახდილი საფასური.
თუ საფასური გადახდილია დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ კანონით დადგენილ განაკვეთს შორის.
საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას.
ცენტრის მიერ გასაწევი/გაწეული მომსახურებიდან თანხის დაბრუნების შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს თანხის მიმღების ოფიციალური საბანკო რეკვიზიტი.