განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის მხარდაჭერით, საერთაშორისო ექსპერტებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის შეიმუშავა მოკლე ვიდეორგოლები საქართველოში მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის გარე უზრუნველყოფის მექანიზმებისა და უმაღლესი განათლების კონტექსტის შესახებ. ვიდეორგოლები საერთაშორისო ექსპერტებს საშუალებას მისცემს ვიზიტამდე დიდი ხნით ადრე გაეცნონ საქართველოში მოქმედ ავტორიზაციის, აკრედიტაციის სტანდარტებსა და პროცედურებს, ექსპერტთა ეთიკის კოდექსს, ინფორმაციას საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემისა და ზოგადი კონტექსტის შესახებ, რაც მათ დაეხმარებათ ინსტიტუციური შეფასებებისა და პროგრამების შეფასების პროცესში.
ვიდეოების ნახვა შესაძლებელია ქვემოთ მოცემულ ბმულებზე:
უმაღლესი განათლების კონტექსტი საქართველოში
საერთაშორისო ექსპერტები ცენტრის მიერ განხორციელებულ ინსტიტუციურ შეფასებებში, რეგულირებადი დარგების პროგრამებისა და სადოქტორო პროგრამების შეფასებაში 2018 წლიდან არიან ჩართული. Erasmus + საქართველოს ეროვნული ოფისისა და ცენტრის მიერ განხორციელებული „უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებული მექანიზმების დანერგვის ანალიზმა“ აჩვენა, რომ ცენტრის მსგავსად, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობას ცენტრის მიერ განხორციელებულ შეფასების პროცესებში დადებითად აფასებენ ინსტიტუციების წარმომადგენლები, ექსპერტები და საბჭოების წევრები, რადგან მათი მონაწილეობა ამ პროცესში წარმოადგენს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი შეფასებების განხორციელების ერთ-ერთ საშუალებას და საერთაშორისო განზომილებას ანიჭებს მას.
ამავე კვლევის ფარგლებში და ასევე ENQA-ს მიერ განხორციელებული ცენტრის შეფასების დასკვნაში, ერთ-ერთი რეკომენდაცია ეხებოდა საერთაშორისო ექსპერტებისათვის ტრენინგების ორგანიზებას (მათ შორის, ონლაინრეჟიმში) ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული რეგულაციები საქართველოში, უმაღლესი განათლების ადგილობრივი კონტექსტი და ა. შ.
ზემოთ მოცემული მოკლე ვიდეორგოლები სწორედ ამ რეკომენდაციის შესრულების მიზნით მომზადდა.