FAQ

დაძმობილების პროექტის მხარეებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

22 ოქტომბერი 2020

 

2020 წლის 22 ოქტომბერს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის „ხარისხის უზრუნველყოფის შესაძლებლობებისა და კვალიფიკაციების მართვის გაძლიერება საქართველოში“ მმართველი კომიტეტის მე-5 სხდომა, პანდემიის მიზეზით, დისტანციურ რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ბოლო კვარტალში პროექტის მიღწევების, დადგენილი ვადების შესრულებისა და არსებული გამოწვევების ამსახველი ანგარიში წარადგინეს.

მხარეებმა დაამტკიცეს კვარტალური ანგარიში და სამუშაო გეგმა, რომელიც მოდიფიცირებულია პროექტის 3 თვის ვადით გაგრძელების შესაძლებლობიდან გამომდინარე. პარტნიორებმა მადლიერებით აღნიშნეს პროექტის მოქნილი რეაგირება ცენტრის თხოვნაზე კლასტერული აკრედიტაციის დანერგვის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

ცენტრის დირექტორმა და პროექტის ლიდერმა საქართველოს მხრიდან, ქ-ნმა თამარ მახარაშვილმა ხაზი გაუსვა პროექტის მხარდაჭერას კლასტერული აკრედიტაციის დანერგვისა და ENQA-ს რეკომენდაციების შესრულების საკითხებში. პროექტის ლიდერმა, ბ-ნმა ფრანკ პეტრიკოვსკიმ ყურადღება გაამახვილა პარტნიორების ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობაზე არა მხოლოდ რეგიონში, არამედ განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის ფარგლებშიც. მისი აზრით, ცენტრსა და EKKA-ს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი დაძმობილების პროექტის მიერ მიღწეული ერთ-ერთი მდგრადი შედეგია. შეხვედრის ფარგლებში ცენტრის დირექტორმა, ქ-ნმა თამარ მახარაშვილმა და ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (EKKA) ხელმძღვანელმა, ქ-ნმა ჰელი მატტისენმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია დაძმობილების პროექტის ფარგლებში დაწყებული პარტნიორობის გასაღრმავებლად და საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების ურთიერთგაცვლის ეფექტური სისტემის შექმნას ემსახურება.

შეხვედრას ესწრებოდნენ ცენტრის დირექტორი - ქ-ნი თამარ მახარაშვილი, ცენტრის დირექტორის მოადგილეები - ბ-ნი ლაშა მარგიშვილი და ბ-ნი კახაბერ ერაძე, ცენტრის თანამშრომლები, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD), ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (EKKA), საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლები.

დაძმობილების პროექტი ხორციელდება 2019 წლის ივლისიდან, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოსთან (EKKA) ერთად.

„ტვინინგი“/“დაძმობილება“ არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ბენეფიციარი ან პარტნიორი ქვეყნების საჯარო სამსახურებს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის ევროპული ინსტრუმენტი. დაძმობილების პროექტები აერთიანებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ბენეფიციარი ქვეყნების საჯარო სექტორში არსებულ ექსპერტულ ცოდნას თანამშრომლობითი საქმიანობის ფარგლებში კონკრეტული სავალდებულო შედეგების მისაღწევად. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ისარგებლეთ ბმულით: https://ec.europa.eu/neighbourhood-enlargement/tenders/twinning_en

#EU4Georgia

#skills4Georgia

დაძმობილების პროექტის მხარეებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა